აქტუალური
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა ანონიმუსმა აიღო

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. თბილისის ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები, 24 იანვარს, დილის 10 საათისთვის, მოულოდნელად „ალაპარაკდნენ“. უწყვეტი პროტესტის მესიჯებად ქცეული ფრაზები ზოგიერთ ავტობუსში კიდევ 5 საათი ისმოდა.

გადახდის აპარატებიდან ისმოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვები - აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ცნობილი გამონათქვამი -„მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!“.

საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

შეძახილი - „დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!“.

„ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილის სიტყვები - საოკუპაციო რეჟიმისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ.

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ცნობილი გინებაც, პარლამენტის სხდომიდან.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ხმა - „გამარჯობა, საქართველო“.

საპროტესტო მესიჯების გასაჩერებლად აპარატების გათიშვა გახდა საჭირო. შედეგად - საჯარო ტრანსპორტის მგზავრები ფულს ვეღარ იხდიდნენ და უფასოდ მგზავრობდნენ.

მომხდარი მერიამ - თავიდანვე კიბერთავდასხმად შეაფასა. შს სამინისტრომაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას“ გულისხმობს.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დამნაშავეების ძებნა 24 იანვარს, დილიდანვე დაიწყო

სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდან, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს”, - უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დღის პირველ ნახევარში, ვიდრე შსს გამოძიების დაწყებას დაადასტურებდა.

ამასთან, სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერშეტევა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ჰაკერულ ჯგუფ „ანონიმუსთან“ დაკავშირებული ქართველი ჰაკერების ჯგუფის მიერ განხორციელდა.