ძნელია იმის ახსნა, თუ რატომ იქცევა ტრამპი ქართველივით, ანუ ზედმეტად ემოციურად. ინაუგურაციის დღიდან, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ყოველ დღე ავრცელებს ერთმანეთის გამომრიცხავ განცხადებებს რუსეთისა და უკრაინასთან კონფლიქტის შესახებ - თითქოსდა, პუტინს სასწრაფოდ სურს მასთან შეხვედრა და გარიგება - ამავე დროს, თუ რუსეთი ამაზე უარს იტყვის, ამერიკა სანქციებს მიმართავს. თუმცა კრემლს ვაშინგტონიდან ამის თაობაზე ჯერ არანაირი ოფიციალური გზავნილი არ მიუღია. ნუთუ ტრამპს დაავიწყდა, რომ აღარ არის კანდიდატი და უკვე პრეზიდენტია? მაშ, რისთვის სჭირდება ეს წვრილფეხა პიარი? ყველამ იცის, რომ აწი ამერიკის მხრიდან ნებისმიერი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, ტიტანის ექსპორტი იქნება ეს, თუ ურანის, მხოლოდ შეერთებულ შტატებს დააზარალებს და არა რუსეთს! და თუ ტრამპი უახლოეს მომავალში ნამდვილად აპირებს პუტინთან შეხვედრას და შეთანხმებას მშვიდობის, და არა ზავის შესახებ, მაშინ წინასწარ სანქციებით დაშინება და განცხადება, რომ რუსეთმა აშშ-ს ჰიპერბგერითი ტექნოლოგია თითქოსდა მოპარა, რუსეთის პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად საუკეთესო ფონი როდია.
და ამ დროს ერთი დღე, რომლის განმავლობაშიც ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების პირობა დადო, უკვე იქცა 100 დღედ, რომლის მანძილზეც მან ამის გაკეთება თავის სპეცწარმომადგენელ კიტ კელოგს დაავალა. მაგრამ ვერც ერთი „კიტი“ და თვით ტრამპიც ვერ შეძლებს სხვა გზით წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში, გარდა უკრაინისთვის შეიარაღების შეწყვეტისა! ტრამპი თავს იკატუნებს, ვითომ არ იცის ელემენტარული ფაქტები:
1 – რომ დღეს უკრაინაში ომი კი არა, არამედ რუსეთისთვის სამამულო ომია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს;
2 - რომ რუსებისთვის ფაშიზმთან ომი არ შეიძლება დასრულდეს "გარიგებით" - მხოლოდ მტრის უპირობო კაპიტულაციით გამარჯვებული ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის პირობებზე, ხოლო პუტინის პირობები ყველასთვის ცნობილია;
3 - რომ ეს "რუსეთი კი არ დაეხმარა აშშ-ს ფაშიზმის დამარცხებაში, როცა 60 მილიონი მოქალაქე დაკარგა", არამედ სსრკ-მ დაამარცხა ფაშისტური გერმანია აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით ომის ბოლო წელს, რომელთანაც სსრკ-მა მართლაც გარიგება დადო. მხოლოდ 2006 წელს, რუსეთის ფედერაციამ, როგორც სსრკ-ის სამართალმემკვიდრემ, დაასრულა სსრკ-ის ვალის გადახდა სამხედრო ტექნიკისთვის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა სსრკ-ს ლენდ-ლიზით გადასცა.
არადა, გასული წლის ივლისში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ვადაგადაცილებულ პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთთან ომის დასრულებისკენ, რადგან „რუსეთი არის ომის მანქანა, რომელმაც დაამარცხა ჰიტლერი და ნაპოლეონი“. ამით მან უარყო თანამედროვე დასავლელი პოლიტიკოსების ბინძური სიცრუე, რომლებიც აცხადებენ, რომ 1945 წელს ჰიტლერული გერმანია დაამარცხეს სსრკ-ის დასავლელმა მოკავშირეებმა ანტიჰიტლერულ კოალიციაში და არც კი მიიწვიეს რუსეთი ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად.
მაშ, რა დაემართა ტრამპს და საიდან აიღო ციფრი „60 მილიონი“? საქმეც იმაშია, რომ ტრამპს არაფერი დამართნია - ის იყო და რჩება ბიზნესმენად, რომელიც დებს ზუსტად რომ გარიგებებს; ეპატაჟურ შოუმენად, რომელიც მზად არის პუბლიკაზე ეფექტის მოსახდენად მსხვერპლად გაიღოს ფაქტები და წესები. ტრამპი თავს არ იღლის შორსმჭვრეტელი პროგნოზებით, არ ითვლის თავისი გადაწყვეტილებების გრძელვადიან შედეგებს, მაქსიმალური ეფექტი მინიმალურ დროში, რომელიც შემოიფარგლება 4-წლიანი საპრეზიდენტო ვადით - წარმოადგენს ტრამპის ერთადერთ გეგმას და ტაქტიკას, რომლისთვის კლიმატის ხელშეკრულება და ჯანმო ზედმეტი ტვირთია. სწორედ ამიტომ, ინაუგურაციიდან ერთი საათის შემდეგ, მან გააუქმა ელექტრომობილების მწარმოებლებისა და მფლობელებისთვის ყველა სახელმწიფო პრეფერენცია და სუბსიდია, თუმცა არჩევნებში მისი მთავარი დასაყრდენი იყო ილონ მასკი, რომლის კომპანია „Tesla“ ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელია. მეოთხე დღეს კი, ტრამპი მეორედ შევიდა კონფლიქტში პლანეტის უმდიდრეს ადამიანთან, როცა "ხელოვნური სუპერინტელექტის“ შემქმნელი ახალი სახელმწიფო პროექტი "StarGate" გადასცა მასკის კონკურენტსა და მტერს - სემ ალტამანს, კომპანია OpenAI- ს დამფუძნებელს, თუმცა „SpaceX“- ის ხელმძღვანელს ილონ მასკს ანალოგიური პროექტი უკვე ჰქონდა. როგორ აპირებს პრეზიდენტი ტრამპი 4 წლის განმავლობაში მუშაობას მთავრობის ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელ ილონ მასკთან, თუკი 4 დღის განმავლობაში ორჯერ უგულებელჰყო მისი ინტერესები? ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, მასკი 200 მილიარდი დოლარის მოგებას დაკარგავს...
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2025 წლის 27 იანვარი
საქართველო, თბილისი