საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ სოციალურ ქსელ „facebook“-ზე ახალშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის – „მზრუნველი მშობლები – ინვალიდი ბავშვებისათვის“ – გვერდი აღმოაჩინა. დავინტერესდით – კონკრეტულად, რა საკითხებზე მუშაობს ეს ახალშექმნილი ორგანიზაცია და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. ამიტომ საქინფორმის რედაქცია ორგანიზაციის თავმჯდომარე ნანა ლეჟავას დაუკავშირდა.
ნანა ლეჟავამ საუბრის დაწყებისთანავე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მზრუნველი მშობლები – ინვალიდი ბავშვებისათვის“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების რეალურად დასახმარებლად შეიქმნა და არა სხვა მსგავსი ორგანიზაციებივით, რომლებიც ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებენ.„ჩვენი ორგანიზაცია 2011 წლის 25 აპრილს დაარსდა. მასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები გავერთიანდით. გვსურს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მდგომარეობის შემსუბუქება შევძლოთ, დავიცვათ მათ უფლებები. დღეს, რეალურად, სახელმწიფო მსგავსი პრობლემის მქონე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებსაც კი არ ეხმარება, არამც თუ – ჩვეულებრივ ოჯახებს, რადგან სოციალური პოლისი ქრონიკული დაავადებების დაფინანსებას არ ითვალისწინებს. ბევრია შემთხვევა, როცა გადაუდებელი საჭიროების მქონე წამლების ყიდვის საშუალებაც კი არ გვაქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დედებმა, სადაც ხელი მიგვიწვდება, ყველგან ვიბრძოლოთ“, – აცხადებს საქინფორმთან საუბრისას ნანა ლეჟავა.
მისივე განმარტებით, ამჟამად ორგანიზაციაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 60 ბავშვის მშობელია გაერთიანებული, თუმცა ლეჟავა მათი რაოდენობის ზრდას ელის. როგორც თავად ამბობს, საქართველოში, ბოლო მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 9 055 თვრამეტ წლამდე მოზარდია რეგისტრირებული, რომელთაგან 1 905 თბილისში ცხოვრობს.
„ჩვენ მივმართავთ დახმარების თხოვნით ყველას, ვისაც შეუძლია, რაიმე სახის წვლილის შეტანა ამ ბავშვების ყოფის გასაუმჯობესებლად. თუმცა, გარდა ამისა, სამართლებრივი ფორმით ბრძოლასაც ვაპირებთ, რათა საერთო ძალისხმევით ვაიძულოთ სახელმწიფო, იზრუნოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებზე, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – აღნიშნავს ლეჟავა.
ორგანიზაციის – „მზრუნველი მშობლები – ინვალიდი ბავშვებისათვის“ – ოფისი რუსთაველის გამზირზე, „კინოს სახლის“ შენობის მე-2 სართულზე, მდებარეობს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ორგანიზაციის თანადგომისა და დახმარების სურვილი ექნება, შეუძლია, მიმართოს მას აღნიშნულ მისამართზე, ან დაუკავშირდეს თავმჯდომარეს შემდეგ ნომერზე: 555 56 51 83.
გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება მსურველს სატელეფონო ზარის განხორციელებითაც შეუძლია: „ჯეოსელისა“ და „ლაი-ლაის“ აბონენტთათვის შექმნილია სპეციალური ნომერი 200 277, რომელზე ერთხელ დარეკვითაც ორგანიზაციის ფონდში 1 ლარი გადაირიცხება.
საქინფორმი მიმართავს ყველას, ვისთვისაც უცხო არაა თანაგრძნობა: დახედეთ სახეებს, რომლებიც შემოგცქერიან ჩვენი სლაიდშოუს ფოტოებიდან! საქართველოში დღეს თითქმის ყველას უჭირს, მაგრამ ამ ბავშვებს – ყველაზე მეტად. ისინი დაივიწყეს ხელისუფლებამ და სახელმწიფომ, შეძლებულმა მეცენატებმა და ბიზნესმენებმა... ასე რომ, კეთილო ხალხო, დაეხმარეთ მათ!
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“