საზოგადოება
კობახიძე საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნას აანონსებს

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 20 იანვარს საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე ახალი სახელმწიფო კომისიის შექმნა დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, „ოთხწლიან პერსპექტივაში თვისებრივად უნდა გარდაიქმნას უმაღლესი განათლების სისტემა ქვეყანაში“. მან ყოფილი თავდაცვის მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, ლევან იზორია განათლებისა და მეცნიერების საკითხებში თავის მრჩევლად დანიშნა.

„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა, საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების არსებული ხარისხი „არ არის დამაკმაყოფილებელი“. მისი თქმით, კომისია იმუშავებს, რათა „ოთხწლიან პერსპექტივაში თვისებრივად გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში“. „მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა“, – დასძინა მან.

კობახიძემ განაცხადა, რომ კომისიას თავად უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე იქნება, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ლევან იზორია კომისიის მდივნად დაინიშნება.

იზორია 2016-2019 წლებში თავდაცვის მინისტრად მსახურობდა, ხოლო 2020 წელს გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. 

რეფორმისკენ სწრაფვა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ახალგაზრდების მწვავე უკმაყოფილების კონტექსტში შეიძლება იქნას განხილული. მას შემდეგ, რაც „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი პირველად შევიდა პარლამენტში, სტუდენტები განსაკუთრებით აქტიურად აპროტესტებენ კანონსა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკას.

სტუდენტებს  ხშირად უჭერდნენ მხარს უნივერსიტეტის ფაკულტეტები და აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომლის ბევრმა პროფესორმა ღიად გააკრიტიკა ხელისუფლება და უარი თქვა ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომელიც უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს სტუდენტების აკადემიურ ბოიკოტს აკრიტიკებდა, 2024 წლის 27 სექტემბერს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა, ავტორიზაციის საბჭომ ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი  შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.

კიდევ ერთ ეპიზოდში, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა 2024 წლის 14 მაისს ფეისბუქზე დაწერა, რომ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა უნივერსიტეტი „ოფშორების“ შესახებ სადავო კანონის თაობაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის გამო.

„ქართული ოცნება“ ხშირად აკრიტიკებდა ნაციონალური მოძრაობის ადმინისტრაციის პირობებში განხორციელებულ საგანმანათლებლო რეფორმას. დაახლოებით ერთი წლის წინ, მაშინდელმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა და განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვინდა ახალი მოქალაქის შექმნა, ჩვენ გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, რომელიც დაეფუძნება ქართულ იდენტობას, გაიზრდება პატრიოტულ საწყისებზე, დააფასებს და ეცოდინება მისი კულტურა და ისტორია“.

მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2004 წლის განათლების რეფორმები, რომელიც  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პირობებში გატარდა, იყო მცდელობა, რომ „შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ქართველობა“. პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობა განათლების სისტემის დანგრევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 2004 წლის რეფორმები იყო ექსპერიმენტი ახალგაზრდობაზე.