აქტუალური
2024 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობა 8%-ით გაიზარდა

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. “საქსტატის“ მიერ 20 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23.43 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-იანი ზრდაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 8.1%-ით, 16.87 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 10.31 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%-ია.

გასულ წელს თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2.77 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის აშშ 2.04 მლრდ აშშ დოლარით და რუსეთი 1.84 მლრდ აშშ დოლარით.

საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი – 1.28 მლრდ აშშ დოლარი, ყაზახეთი – 860 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 720 მლნ აშშ დოლარი.

იმპორტის თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი 2.77 მლრდ აშშ დოლარით, მას მოსდევს აშშ 2.47 მლრდ აშშ დოლარით, რუსეთი 1.84 მლრდ აშშ დოლარით, და ჩინეთი 1.61 მლრდ აშშ დოლარით.

2024 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 2.43 მლრდ აშშ დოლარით. მას მოსდევს ფეროშენადნობები 320 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 290 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 3.46 მლრდ აშშ დოლარით, რომელსაც მოსდევს ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1.30 მლრდ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 620 მლნ აშშ დოლარით.