საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. თემქის პოლიციის განყოფილებასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცველებმა ნიღბების ტარების გამო დააკავეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის თქმით, დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გაირკვევა.
„რამდენი პოლიციელიც იქნება საჭირო დაკავების დროს, იმდენი პოლიციელი დააკავებს. ნიღბებში იყვნენ, ქალი იყო, კაცი იყო – ამას გავარკვევთ. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მოგვიანებით გეტყვით“, – განაცხადა მემანიშვილმა.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები თავდაპირველად „სარაჯიშვილის მეტროსთან“ შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით თემქის პოლიციის მიმართულებით წავიდნენ.