საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი: 2024 წელი წარმატებით დასრულდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5.1 მილიონს გადააჭარბა

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. წარმატებით დასრულდა 2024 წელი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის, დაფიქსირდა ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა, რომელმაც 5.1 მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით წელსაც ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ.

ჩვენი დივერსიფიკაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ გასულ წელს რეკორდულ ნიშნულზე გავიდა ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, როგორებიც არის ისრაელი, აშშ, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები, საიდანაც ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანობით. რა თქმა უნდა, ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, რადგან 2024 წელს წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები არაერთ წამყვან ავიაკომპანიასთან. მიმდინარე წელს საქართველოს ტურისტულ და საავიაციო ბაზარს დაემატება ავიაკომპანიები „ბრიტიშ ეარვეისი,“ „იზიჯეტი“, ისევე როგორც შვეიცარიის დაბალბიუჯეტიანი ახალი ავიაკომპანია „ედელვაისი“. მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება დამატებით პირდაპირი ფრენები დიდ ბრიტანეთთან, მილანთან, ციურიხთან, ასევე ჟენევის მიმართულებით“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მსყიდველუნარიანი ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების შემოდინებას, გააძლიერებს საქართველოს ტურიზმის სექტორს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიაში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ისტორიული მაქსიმუმი – 5.1 მილიონი ვიზიტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. მათივე ცნობით, 2024 წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებს 4.2%-ით აჭარბებს.