რელიგია
ზურაბ კვარაცხელია: „საქართველოს ახლაც სჭირდება ცოტნესნაირი რაინდები“

cotneeeeeროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, სამეგრელოსა და ხობში „ცოტნეობა“ აღინიშნა.„კაცი კეთილი და სრული საღმთოთა და საკაცობოთა, პატიოსანი და სათნოებიანი, ბრძოლათა შინა სახელოვანი“, – ასე დაახასიათა ჟამთააღმწერელმა ცოტნე დადიანი, ეროვნული თავისუფლებისა და ეროვნულ ძალთა შეკავშირების სიმბოლო, რომელიც 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმინდანად შერაცხა. 

„ცოტნეობის“ აღნიშვნას საფუძველი ხობში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ჩაეყარა ხობის მაშინდელი რაიკომის პირველი მდივნის, ამჟამად „ფაზისის“საერო აკადემიის პრეზიდენტ ნუგზარ ნადარაიას ხელმძღვანელობით. „სრულიად ახალგაზრდა, 29 წლის, 1975 წლის 13 აგვისტოს დამნიშნეს ხობის რაიკომის პირველ მდივნად, შემოდგომაზე ჩემთან მოვიდნენ ხობელები და ითხოვდნენ დახმარებას, რათა ხობში აღნიშნულიყო „ცოტნეობა“. ცოტნე გაიგივებულია ხობთან და მეც აღვასრულე მათი ნება და აქედან მოყოლებული, ხობში ყოველწლიურად აღინიშნება კოლხი რაინდის, ეროვნული გმირის, წმინდანად შერაცხილი ცოტნე დადიანის საერო-საეკლესიო დღესასწაული. ამ ღონისძიებას აუცილებლად სჭირდება ხელის შეწყობა, აკლია მასშტაბურობა. ხომ ხედავთ, რომ ძალიან მოკრძალებულად ტარდება. ადრე ბევრი სტუმარი ჩამოდიოდა ხობში...“ – აღნიშნა ბატონმა ნუგზარ ნადარაიამ, რომელმაც ხობიდან ფოთში გადასვლის შემდეგ და ქალაქის მერობის პერიოდში სამეგრელოს მოედანზე ცოტნე დადიანს ძეგლი დაუდგა.

„ცოტნეობის“ დღესასწაულს ესწრებოდნენ სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ წარმომადგენლებიც. „ცოტნე დადიანი არის ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი, რომელმაც შთამომავლობას გმირობისა და ერთგულების მაგალითი მისცა. ის მე-13 საუკუნეში მოღვაწეობდა, როდესაც საქართველო მძიმე განსაცდელის წინაშე იდგა. ამჟამადაც არანაკლებ რთული და მძიმე ვითარებაა საქართველოში, ამიტომაც ქვეყანას ახლაც სჭირდება ცოტნესნაირი რაინდები, რათა დაიხსნან და გამოიყვანონ საქართველო ამ კოშმარული მდგომარეობიდან“, – განაცხადა სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ კვარაცხელიამ.

უნდა აღინიშნოს, რომ „ცოტნეობის“ დღესასწაულს არ ესწრებოდნენ სამეგრელოს მაღალჩინოსნები – სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, მისი მოადგილეები და სამეგრელოს რაიონების გამგებლები.
 

 

საქინფორმი