საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. სომხეთი არ უნდა მოქმედებდეს, როგორც გეოგრაფიული ბარიერი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, ზანგეზურის დერეფანი უნდა გაიხსნას და გაიხსნება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, „ამერიკაში დადგა სოროსის ეპოქის დასასრული. ბაიდენის ადმინისტრაცია, არსებითად, იმართებოდა სოროსის სტილში, ამგვარად, სომხეთის ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სოროსის მიმდევრები, ფაქტობრივად, კარგავენ თავიანთ პოზიციებს“.
„უნდა გაითვალისწინოს, რომ ახლო აღმოსავლეთში მათი ახლო მოკავშირის, ასადის დიქტატურა უკვე გაიგზავნა ისტორიის სანაგვეზე და ეს გაგრძელდება, ამიტომ მან უნდა გადადგას სწორი ნაბიჯი. ჩვენ, აზერბაიჯანი, არ წარმოვადგენთ მათთვის საფრთხის წყაროს. ჩვენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, თანამშრომლობა გვსურს და ნუ შეგვიშლიან ხელს. ისინი არ უნდა მოქმედებდნენ, როგორც გეოგრაფიული ბარიერი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. ზანგეზურის დერეფანი უნდა გაიხსნას და გაიხსნება. ისინი რაც უფრო ადრე გააცნობიერებენ ამას, მით უკეთესი“, – განაცხადა ალიევმა.
ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ სომხურ მხარეს იანვარში საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება შესთავაზეს.
„რამდენადაც ვიცი, ამ თვეში, ჩვენი ინიციატივით, შევთავაზეთ, რომ უნდა შედგეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მორიგი სხდომა, რათა გაგრძელდეს დელიმიტაციის საკითხი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მიდგომა მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ჩვენ ის შევთავაზეთ სომხურ მხარეს და ის ზეპირი პასუხი, რომელიც მაცნობეს, მეტყველებს, რომ მათი მხრიდან განსაკუთრებული შენიშვნები არ არის“, – განაცხადა ალიევმა.
1tv.ge