საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 30 დეკემბერს რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას „არ სურს, რომ პაიკი იყოს დასავლეთის ხელში“.
ინტერვიუში, რომელიც 2024 წლის საერთაშორისო მოვლენების შეჯამებას მიეძღვნა, ლავროვმა შეაქო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და განაცხადა: „საქართველოს ხელისუფლებას სურს აწარმოოს სუვერენული პოლიტიკა ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არ იყოს პაიკი დასავლეთის ხელში, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ უბიძგებს“.
კითხვაზე, გაუმკლავდება თუ არა საქართველო არსებულ ვითარებას იმ ფონზე, როდესაც „დასავლეთი რუსეთის საზღვრებთან ფერადი რევოლუციების მოწყობას ცდილობს“, ლავროვმა განაცხადა, რომ „სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი უახლოესი მეზობლების საშინაო საქმეებში ჩარევა დიდი ხანია მათი საგარეო პოლიტიკური არსენალის ნაწილია“. მისი თქმით, „მრავალი წლის განმავლობაში, ვაშინგტონი და მისი სატელიტები იყენებენ ამ ინსტრუმენტს გეოპოლიტიკური კონკურენტების შესაკავებლად და არასასურველთა აღმოსაფხვრელად“.
ლავროვმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „ორმაგი სტანდარტების“ გამოყენების შედეგი უწოდა, როდესაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ სავარაუდო შეშფოთების საბაბით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოხდეს არჩევნების შედეგების „გადათამაშება“ მიუხედავად იმისა, რომ ის შეფასებულია როგორც თავისუფალი ისეთი შელახული რეპუტაციის მქონე სტრუქტურის მიერ, როგორიც ეუთო/ოდირია“.
ლავროვის თქმით, „გადათამაშება“ მხოლოდ იმიტომ გახდა საჭირო, რომ ხალხის არჩევანი არ მოეწონათ მეთოჯინეებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში“.
„ეჭვიც არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და წინ წავა. ჩვენი მხრივ, ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. მზად ვართ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებითვის ზუსტად იმდენად, რამდენადაც თბილისი არის ამისთვის მზად“, – დასძინა ლავროვმა.