ბატონო კახი!
გილოცავთ დამდეგ ახალ 2025 წელს და ყველანაირ სიკეთეს, წარმატებას გისურვებთ!
ლაკონური ვიქნები: თქვენი მერად არჩევის პირველივე დღიდან „საქინფორმი“ და მე, მისი ხელმძღვანელი, თქვენს გვერდით ვიდექით, ჩვენი საინფორმაციო მხარდაჭერა - პუბლიკაციები, ზარები და წერილები არასოდეს უყურადღებოდ არ რჩებოდა და საქმეც წინ მიდიოდა. უცხოელებთან განსაკუთრებით ვამაყობდი, რომ ლურჯი მაისურით, წარწერით - „კახა კალაძე“, თბილისში ფეხითაც ვსეირნობდი და საახალწლო სუფრაზეც ვთამადობდი.
მაგრამ მერე კომუნიკაცია ჩვენ შორის გაწყდა, და არა მარტო ჩვენ შორის - დედაქალაქის მერი და მისი მოადგილეები მიუწვდომლები გახდნენ თბილისელებისთვის. ეს იყო განზრახ განხორციელებული საბოტაჟი თქვენი მტრების - „ნაცმოძრაობის“ ერთგული მხარდამჭერების - მერიის თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც თქვენ თანამდებობებზე დატოვეთ. დღეს მათ თავიანთი სახე აჩვენეს - იფიქრეს, რომ დაჰკრა რევანშის ჟამმა და
„ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია.
ბატონო კახი!
ვერ აგიწერთ, რამდენი ტკივილი მომაყენეს თბილისის მერიის თანამშრომლებმა, მათმა გულგრილობამ და დამცინავმა პასუხებმა, ვერ დავთვლი ზარებს და წერილებს, რომლებსაც გიგზავნიდით თქვენს სახელზე, მაგრამ თქვენამდე არ მოსულა. ამ წერილებში ვტეხდი განგაშს საერთო პრობლემებზე, რომლებიც აწუხებდა თბილისელებს და „ქართულ ოცნებას“ რეიტინგს აკარგვინებდა, რომლებიც უკვე გაკეთებულ საქმეს წყალში ჰყრიდა! მომყავდა კონკრეტული ფაქტები, რომელთა გამოც კახი კალაძის, ანუ თქვენი გულმხურვალე მხარდამჭერები გულგატეხილნი რჩებოდნენ და თქვენი კრიტიკოსები ხდებოდნენ. რა უნდა მეპასუხა მათთვის, როცა პასუხი არ მქონდა? როცა პირადად მე, ჟურნალისტების კოლექტივის ხელმძღვანელი, მედიამენეჯერი და ჟურნალისტი, არაერთხელ გავმხდარვარ თბილისის მერიის არასწორი მუშაობის მსხვერპლი? წარმოიდგინეთ, რა დღეში იყვნენ უბრალო თბილისელები, ვის უკანაც მედია არ დგას...
ბატონო კახი!
დღეს ძალიან გვიხარია, რომ მერიაში საკადრო წმენდა დაიწყო, ისევ ჰქონდეთ „საქინფორმი“-ს იმედი, მაგრამ მოდი, პირველივე დღიდან გამოვრიცხოთ ძველი შეცდომები და ვინც მოვა მერიაში სამუშაოდ, ან ვინც დარჩა პოზიციაზე, ახლებურად, კეთილსინდისიერად მოეკიდონ თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს. და ისევ - კონკრეტული მაგალითი, რომ არ ვიყო სიტყვაცარიელი:
დღეს, 30 დეკემბერს, დავუკავშირდი მერიის „ცხელ ხაზს“, რომელმაც გადამრთო ზედამხედველობის სამსახურის მორიგესთან, რომელსაც შევატყობინე „სპორტის სასახლის“ წინ გარევაჭრობის ფაქტი. სავარაუდოდ, უნებართვო, რადგანაც ხორცი, ღვინო, ჩურჩხელები პირდაპირ ქუჩაში, და აქვე ნაძვის ხეები იყიდებოდა. მაგრამ მეორე და მთავარი - ნაძვის ხეების მოვაჭრეები, ვინც კუთხიდან პირველები იდგნენ და დიდ ტერიტორიას იკავებდნენ, ვაჭრობდნენ არა მოჭრილი ნაძვებითა ან ნაძვის ტოტებისგან აწყობილი საახალწლო ნაძვის ხეებით, არამედ - ნაძვის ხეების მოჭრილი კენწეროებით!
ვთხოვე მერიის სათანადო სამსახურს, რეაგირების თაობაზე ეცნობებინათ ჩემთვის, მინდოდა ოპერატიულობისთვის მადლობის წერილი გამომექვეყნებინა, მაგრამ არავის დაურეკავს. ეგ არაფერი, მეეჭვება, რომ საერთოდ არ შეწუხებულან, არადა, ეს უმსგავსობა ქალაქის ცენტრში, დღისით-მზისით, მერიიდან ორ ნაბიჯში ხდებოდა...
პატივისცემით,
არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 30 დეკემბერი
საქართველო, თბილისი