საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენ ვხედავთ თავდასხმას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში, შენობაში უვარდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ცენზორები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, არც ერთი საელჩო, არც ერთი „ენჯეო“ არ აკეთებს განცხადებას იმასთან, დაკავშირებით, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ხდება.
„ვხედავთ პირდაპირ თავდასხმას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში, შენობაში უვარდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ცენზორები. ბუკვალურად ის ადამიანები, რომლებიც მაშინ იყვნენ ცენზორები, დღეს უვარდებიან საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლას ცდილობენ, ცდილობენ, რომ შეაცვლევინონ სარედაქციო პოლიტიკა, საკუთარი დღის წესრიგი გაატარონ. ამაზე ჩუმად არის ყველა „ენჯეო“, ჩუმად არის ყველა საელჩო. ამაზე უნდა დაფიქრდეს საზოგადოება, რასთან გვაქვს საქმე, რადგან ასევე ჩუმად იყვნენ უკრაინაშიც და მოლდოვაშიც. ის, რაც ხდება ტელეკომპანიების მიმართ, ახალი ხომ არაფერი არ არის, მთელი ცინიზმი ამ მოწოდებების და ამ ბულდოზერებზე საუბრის ის არის, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული აქვთ. ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ადამიანები ზუსტად ამის გამკეთებლები არიან, უბრალოდ კიდევ უფრო მეტი სისასტიკით, კიდევ უფრო მეტი ცინიზმით და კიდევ უფრო მეტი ღია მხარდაჭერით ზოგიერთი გარე აქტორისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.