საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგონიაშია და ტრაგიკომედიის ჟანრიდან არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
სალომე ზურაბიშვილმა 29 დეკემბრამდე ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესათანხმებლად შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მიიწვია ქვეყნის ხელმძღვანელობა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის ერთადერთი მანდატი იქნება ახალი არჩევნების მომზადება.
„ეს არის რაღაც ტრაგიკომედიის ჟანრიდან/ მგონია, უკვე რაღაც კლინიკასთან გვაქვს საქმე და არაერთხელ გვითქვამს, რომ ასეთი აგონია და არაადეკვატური განცხადებები მისი, ისევე როგორც „ფანჩატურის" სხვა წევრების მხრიდან, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ, უბრალოდ გაუგონარია და საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს“, - განაცხადა მან.
დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი და ოპოზიცია პუნქტობრივად მიყვებიან იმ ინსტრუქციას, რომელიც კონკრეტულმა სუბიექტებმა გარედან მიიღეს როგორც წინასაარჩევნო, ისე არჩევნების შემდგომ პერიოდში.
ზურაბიშვილი, რომლის უფლებამოსილების ვადაც რამდენიმე დღეში იწურება, ჯერ კიდევ ცდილობს შეასრულოს თავისი პატრონების დავალება, რომელიც გულისხმობს საქართველოში არჩევნების ჩატარებას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ.
„ის იმდენად გათავხედდა, რომ მოუწოდებს ჩვენს საპატიო თავმჯდომარეს მონაწილეობა მიიღოს ამ ფარსში, „ქართული ოცნების" გუნდის არც ერთი წარმომადგენელი არ აპირებს მასში მონაწილეობას, რადგანაც ეს ფარსი მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ ქვეყანაში დესტრუქცია გამოიწვიოს", - განაცხადა გორდულაძემ.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ უწოდეს იმის საბოლოო მტკიცებულება, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. პროტესტის პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები. 4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რათა 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო იყოს სათანადოდ მზად ეკონომიკური თვალსაზრისით 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების დაწყებას, ის მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს.