აქტუალური
„Human Rights Watch“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის შეფასებით, საქართველოში საპროტესტო აქციებზე პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, „პოლიციამ და სხვა უსაფრთხოების ძალებმა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობა გამოიყენეს​“.

ფართომასშტაბიან და აშკარად სადამსჯელო ქმედებებში უსაფრთხოების ძალები დასდევდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ დემონსტრანტებს. პოლიცია ასევე აწამებდა და სხვაგვარად არასათანადოდ ეპყრობოდა მათ პოლიციის მანქანებსა და პოლიციის განყოფილებებში“, – ნათქვამია ანგარიშში.

„Human Rights Watch“ თორმეტამდე ადამიანს ესაუბრა, რომლებიც პოლიციის ძალადობას გადაურჩნენ. მათი თქმით, მიიღეს სხვადასხვა ტრავმები: ტვინის შერყევა, ცხვირზე, სახის ძვლებზე, ნეკნებსა და კიდურებზე მრავლობითი მოტეხილობები, ასევე ჰქონდათ ნაკაწრები და სილურჯეები მთელს სხეულზე.

პოლიციელები სპეცრაზმის აღჭურვილობას ატარებდნენ ან იყვნენ შავ ნიღბებში, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე. ხელისუფლებამ ასობით დემონსტრანტს წაუყენა ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და გაასამართლა ისინი ზედაპირულ სასამართლო პროცესებზე, მაშინ როცა არ გადადგა ეფექტური ნაბიჯები არასათანადო მოპყრობის სერიოზული ბრალდებების გამოსაძიებლად“, – აცხადებენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში.

როგორც „Human Rights Watch“-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შოკისმომგვრელია.

აშკარად შურისძიების ხასიათს ატარებს და არღვევს საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს. პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბი და ქართული ხელისუფლების მხრიდან მათი პასუხისმგებლობის დაყენების უუნარობა მიუთითებს, რომ მათ ან ნება დართეს, ან თვალი დახუჭეს ძალადობაზე“, – განაცხადა ჰიუ უილიამსონი.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ იყო იზოლირებული შემთხვევები, როდესაც დემონსტრანტები პოლიციის ძალადობის საპასუხოდ ისროდნენ წყლის ბოთლებს და ფოირვერკებს, პროტესტი ძირითადად მშვიდობიანი რჩებოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ჯგუფებმა განაცხადეს, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება მრავალჯერ იყო გადაჭარბებული და არაპროპორციული“.

ანგარიშის მიხედვით, სპეცრაზმმა, ისევე როგორც სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა, ასევე სცემეს ოპოზიციური მედიისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ხელი შეუშალეს მედიის მუშაობას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, დამოუკიდებელმა ჟურნალისტთა ასოციაციამ ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების წინააღმდეგ ძალადობისა და ჩარევის 70-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დარღვევების გამოძიებაზეა პასუხისმგებელი, დაიწყო გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე ძალადობის გამოყენებით და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის“ შესახებ, მაგრამ ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

საქართველოს ხელისუფლებამ ამასობაში განაცხადა, რომ მედლებით დააჯილდოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა ძალადობრივ დარბევაში მათი როლის გამო. ამ თანამდებობის პირების დაჯილდოება გამოძიების მიმდინარეობისას მიუთითებს, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის ვალდებულების უგულებელყოფაზე“, – ნათქვამია „Human Rights Watch“-ის ანგარიშში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ცემის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება. ასეთმა გამოძიებებმა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, არამედ ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის მეთაურების პასუხისმგებლობაც.

„Human Rights Watch“-ის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიებები არჩევნების შემდგომ ძალადობაზე. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი იმ თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს დემონსტრანტების ცემისა და ძალადობის ავტორიზებასა და განხორციელებაზე. ამავდროულად, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მოქნილი დემოკრატიული მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის.