საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. Deep State-ის არაფორმალურ გავლენებს აშშ-ს მოქმედ ადმინისტრაციაში ფესვები ღრმად ჰქონდა გადგმული, რისი ნეგატიური შედეგები ჩვენ ძალიან ცუდად მივიღეთ - მათი ბოროტი, მავნებლური საცეცები საქართველომ ცუდად იწვნია და მათი ბოლო პერიოდის კუდის მოქნევებიც ვნახეთ! იმედია, დონალდ ტრამპი Deep State-ის არაფორმალურ, ოლიგარქიულ გავლენებს მოერევა! - ეს განცხადება დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მდინარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება Deep State-ის წნეხსა და არაფორმალურ გავლენებს უმკლავდება, მაგრამ არაფორმალური გავლენები რაც უფრო შესუსტდება, ქვეყანა უფრო ძლიერად იქნება.
როგორც მდინარაძე განმარტავს, აქვთ მოლოდინი იმისა, რომ 20 იანვრის შემდეგ, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში Deep State-ის გავლენები შემცირდება მაინც, ხოლო თუკი ტრამპი მის აღმოფხვრას შეძლებს, ეს საქართველოზე ერთი-ორად პოზიტიურად აისახება.
მდინარაძე ამბობს იმასაც, რომ “თუ ტრამპი დაპირებების შესრულებას ვერ შესძლებს, ტურბულენტობა გაგრძელდება“.
„ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე - 20 იანვრის შემდეგ ჩვენი პოზიციონირება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი საკუთარი დაპირებებს შესრულებას: - რამდენად შეძლებს ომის დასრულებაზე გავლენის მოხდენას და აშშ-ში, Deep State-ის არაფორმალური გავლენების დასრულებას!
ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ ხომ? სუბიექტურად ორივე დაპირება საქართველოს აწყობს - ერთი ეს არის ომის დასრულება, რის შემდეგაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი ქრება და მეორეა, Deep State-ის დამარცხება. ამას ასე ვთარგმნით “ღრმა სახელმწიფო“.
Deep State-ის ტრამპი, მისი თანამოაზრეები და ადმინისტრაციის მომავალი ლიდერები ხშირად იხსენიებენ. როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებენ ხოლმე, ამ დროს ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, შესაბამისი უფლებამოსილებებით. აღმოჩნდა, რომ ძალიან გავლენიანი გამოცემა “ჰილი“ წერს, რომ აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაცია მის პარტიად იქცა. როდესაც ჩვენ “ომის პარტიას“ ვამბობდით, “გლობალურს“ მხოლოდ იმიტომ ვამატებდით, რომ ხალხს გაერჩია, ვინ იყო ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია - ეს არის “ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლასტერი, ხოლო “გლობალური ომის პარტიაა“ გარედან დავალების მიმცემები.
როდესაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები, პარტნიორები, მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები Deep State-ზე საუბრობენ, ეს ნიშნავს თავად აშშ-ს ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს. ვის გავლენებზეც არის საუბარი ჩვენ პირობითად შეგვიძლია “გლობალური ომის პარტიად“ – “გლობალური ომის ძალებად“ მოვიხსენიოთ.
ჩვენ რომ გაღმა თუ გამოღმა არაფორმალურ გავლენებზე გვედავებოდნენ, ეს თავად ჩვენზე ძლიერ და დიდ სახელმწიფოში ყოფილა და ამას დღეს თავად ამერიკელები აღიარებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.