რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ხიდის ფილოსოფია

    უმაღლესი პილოტაჟის მაგალითად მოჰყავთ თუ როგორ ჩაიფრინა ლეგენდარულმა ვალერი ჩკალოვმა კიროვის (ტროიცკის) ხიდის ქვეშ ლენინგრადში. თუ დღეს, როცა საქართველოში იმართება „ევრომაიდანი 2“, ბიძინა ივანიშვილი არ გამოაჩენს უმაღლეს პილოტაჟს და არ „ჩაიფრენს“ მტკვარზე გადებული შუშის ხიდის ქვეშ და თანაც ისე, რომ მეტეხის ხიდს არ შეასკდეს, მაშინ "ქართული ოცნება" თბილისის თავზე საჰაერო ბუშტივით გადაუფრინავს. ანუ, თუ მილიარდერი ვერ მოელაპარაკება დასავლეთს და თანაც ისე, რომ შეინარჩუნოს მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციები, ხელახალი არჩევნები გარდაუვალია.

ჩემი გვარი კი „ხიდირბეგიშვილია“, რაც „ადამიანი-bridge“-ის მისიას მაკისრებს.

    საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონში ცვლილებების შეტანას დაჰპირდა. ბრიფინგზე ალენ ბერსემ განაცხადა, რომ ამ მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. „საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ შეცვლისუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს. საქართველოსა და ევროპის საბჭოს, მათ შორის ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შორის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და დადგინდება კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები. გამოვთქვამ იმედს, რომ მსგავსი პროცესები სხვა მიმართულებითაც განხორციელდება», - თქვა მან.

   მეორდება 4 წლის წინანდელი ამბავი, როცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე თავდაპირველად უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ თბილისში ჩამოფრინდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე არლ მიშელი, რომელმაც ხელისუფლებას 12 პირობა ჩამოუტანა და კრიზისი ამოიწურა. ოღონდ ახლა თავმჯდომარე მიშელის ამპლუაში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე წარდგა.

   ეს არ იყო პირველი დათმობა ხელისუფლების მხრიდან - რევოლუციურმა ბრბომ მას არ მისცა რუსთაველზე ნაძვის ხის ანთების საშუალება და ათასობით ბავშვი მშობლებთან ერთად, რომლებიც ყინვაში მივიდნენ დედაქალაქის მერის დაპირებულ დღესასწაულზე, სევდიანად დაბრუნდნენ სახლში; სამი ოპოზიციური ტელეკომპანია, რომლებიც ხელისუფლების დამხობისა და კონსტიტუციური წყობის შეცვლისკენ მოუწოდებენ, დღემდე დაუბრკოლებლად მაუწყებლობს, ხოლო საპროტესტო აქციების პირველ დღეებში დაკავებული ყველა დამნაშავე, რომლებიც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებსა და პეტდარდებით ცეცხლს უკიდებდნენ, იზოლატორებიდან გამოუშვეს. სწორედ ამიტომ, გასულ კვირას „РИА Новости»-სთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში აკრძალული არასამთავრობო ორგანიზაციების - უცხოური აგენტების ძირგამომთხრელ როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში ამ საქმეს გვიან მოჰკიდეს ხელი, მაგრამ "მატარებელმა ცოტათი გაასწრო".

ამის მთავარი მიზეზი კადრებია, „ქართული ოცნების“ მცდარი საკადრო პოლიტიკა. „ქართული ოცნება“ გვერდს უვლიდა რამდენიმე პროფესიონალსა და პატრიოტს, რომლებიც სთავაზობდნენ, აფიშირების გარეშე დაეწყოთ მზადება საქართველოსა და რუსეთის უმაღლესი დონის ხელმძღვანელთა პირდაპირი კომუნიკაციისთვის. ბედის ირონიით, დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერშიფი მაინც რუსეთუმეებად და პუტინის მონებად შერაცხეს. ამის ნაცვლად, ხელისუფლება კვლავ დეკლარირებს სულელურ სლოგანს „ღირსებით ევროპისკენ!“, თუმცა მას ევროპაში კარგი ინგლისურით ასჯერ აუხსნეს, რომ ქართული ღირსებით ევროპაში შესვლა სასტიკად აკრძალულია.

   "ცალმხრივი მეგობრობა" საქართველოსა და უკრაინის, საქართველოსა და პრიბალტიკის ქვეყნებს შორის არის ისეთივე ოკსიმორონი, ანუ პარადოქსი, როგორც "ღირსებით ევროპაში". მცნება "მეგობრობა" გულისხმობს მინიმუმ ორ, ან მეტ სუბიექტს, ერთის შემთხვევაში ონანიზმია, ანუ მეგობრობა საკუთარ თავთან. "ღირსება" და "ევროპა" ქართველი და ყველა არაევროპული ერისთვის შეუთავსებელი ურთიერთგამომრიცხავი მცნებებია - ამ ღირსებაზე უნდა თქვა უარი, ან ევროპაზე.

   მაგრამ მოდით ვიყოთ ბოლომდე გულწრფელი და ვაღიაროთ დასავლური პროპაგანდის შთამბეჭდავი გამარჯვება საქართველოში, განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდებში, და გავაკეთოთ პროგნოზი: შეძლებს თუ არა გლობალიზაციის პროცესი ორიოდე ან რამდენიმე ათწლეულში საქართველო გადააქციოს ჩვეულებრივ, მსოფლიოს მრავალთაგან ერთ-ერთ ქვეყნად? ნუთუ ქართველები ვერა და ვერ გაიგებენ, რომ ამდენი წმინდანები, სიწმინდეები და სასწაულები ჩვეულებრივ ქვეყნებში არ არსებობს?

   დიახ, ეს სავსებით შესაძლებელია მოხდეს, თუ სახელმწიფოში ტენდენციური პროცესები, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დროს მართავდნენ იმდროინდელი მმართველი პარტიის იდეოლოგიური განყოფილებები (კომპატრტიის ცენტრალური კომიტეტისა და მოკავშირე რესპუბლიკების ცენტრალური კომიტეტების პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილებები), დღეს კი იმართება უცხოელი აგენტების მიერ („სამოქალაქო სექტორი“, რადიკალური ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი თანამოაზრეები ხელისუფლებაში) შენარჩუნდება. თუ საინფორმაციო პოლიტიკაში შენარჩუნდება დასავლური გადახრა, რის შედეგადაც იგი ჩამძირავ „ტიტანიკს“ დაემსგავსა: დასავლური და სახელმწიფო გრანტები ხმარდება ადგილობრივი ტელეკომპანიების ვითომდა პროდასავლური დემოკრატიული, სინამდვილეში კი - ანტისახელმწიფოებრივი ანტიქართული პროპაგანდის ტენდენციურ მხარდაჭერას, ხოლო ტრადიციულად ზეპარტიული მიუკერძოებელი მედია მოკლებულია მთავრობის მხარდაჭერასა და ყურადღებას. საკმარისია გადახედოთ მხოლოდ ზემოხსენებული ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებების უცხოურ ამბებს, სადაც რუსეთი ერთმნიშვნელოვნად აგრესორი და ოკუპანტია, დონბასს და ყირიმს სეპარატისტებს უწოდებენ, უკრაინა კი გამარჯვებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიმავალი გმირია, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი მსოფლიოს თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის!

    საქართველოს საკრალური დანიშნულება ხიდია და არა დერეფანი! („კორიდორი“ - თუთიყუშებივით იმეორებენ ტუტუცი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას გულისხმობენ) საქართველო არ არის კომუნალური ბინის დერეფანი, სადაც ხან ჩრდილოეთის და ხანაც დასავლეთის ქარი უბერავს; არ არის დერეფანი, რომლითაც გაივლი და დაივიწყებ, შლაგბაუმთან მონეტის ჩაგდების მერე! საქართველო არც კორიდორია და არც კორიდაა დასავლეთისა და რუსეთს შორის, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროპისა და აზიის ქვეყნების/ხალხების დამაკავშირებელი ხიდია! ამიტომ წარმატებული იქნება მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც ამ გარემოებას გაითვალისწინებს და არ დაკმაყოფილდება მხოლოდ სატრანსპორტო და ენერგეტიკული ტრანზიტის გადასახადით.

   ხიდი გულისხმობს ორმხრივ მოძრაობას - ურთიერთმეგობრობასა და პარტნიორობას, და არა შემკვეთის ურთიერთობას შემსრულებელთან, სუზერენისა - ვასალთან, რასაც ლამობენ პროდასავლელი პროპაგანდისტები - გრანტების მიმღებები, უცხოური გავლენის აგენტები და სხვა აგიტატორები, და იმარჯვებენ პატრიოტებთან უთანასწორო ბრძოლაში, რადგან ძლიერი ზურგი აქვთ დასავლეთში. თუმცა, საქართველოშიც არ განიცდიან სპონსორების - ოპოზიციის მომსახურე ბიზნესმენების დეფიციტს, ასევე მათ განკარგულებაშია სააკაშვილისა და ნაცების მიერ ნაძარცვი სახელმწიფო ფული...

„აღმოსავლეთ- დასავლეთის“ ავტობანს, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს, 4 ჩინური კომპანია აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტებით აშენებს. პროექტი ითვალისწინებს 97 ხიდსა და 51 გვირაბს, მაგრამ რიკოთის უღელტეხილზე დიდი პრობლემების გამო, უკვე გაძვირდა 220 მილიონზე მეტით (საანგარიშსწორებო ღირებულება 5 მილიარდი ლარი იყო) და მისი გახსნა, რომელიც 2020 წელს იყო დაგეგმილი, გადაიდო მიმდინარე 2024 წლის ბოლომდე.

„ქვეშეთი-კობის“ 23-კილომეტრიანი გზა, რომელიც უსაფრთხოდ და სწრაფად აკავშირებს საქართველოს რუსეთთან (ზემო ლარსზე), ითვალისწინებს 5 ხიდსა და 5 გვირაბს, მათ შორის 9-კილომეტრიანს ჯვრის უღელტეხილის ქვეშ. მას აშენებს სხვა ჩინური კომპანია აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტებით, მისი ექსპლუატაციაში გაშვება 2024 წლის ბოლოს იგეგმება და აქ პრობლემები ჯერ არ შეინიშნება.

არც ისე შორს არის ცხინვალის რეგიონის გავლით საავტომობილო მარშრუტის გახსნა, რომელიც საქართველოს რუსეთთან როკის გვირაბით აკავშირებს, ასევე აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა, რომელიც საქართველოს რუსეთთან მდინარე ფსოუს ხიდით აკავშირებს.

   და როდესაც გაიხსნება ყველა ეს ხიდი-გზა, საქართველო იქცევა აყვავებულ და უსაფრთხო ქვეყნად, რითაც დაინტერესებული იქნება ყველა სახელმწიფო/ხალხები, რომლებსაც ისინი დააკავშირებენ! და მაშინ აღარ იქნება საჭირო ხიდების, გზებისა და გვირაბების მშენებლობისთვის უცხოური ბანკებიდან კრედიტების აღება.

ადამიანი-ხიდი არნო ხიდირბეგიშვილი,

ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, ეროვნული უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.

    P. S.

   პეტერბურგის ტროიცკის (ლენინგრადის კიროვის) ხიდის ქვეშ მართლაც დაფრინავდნენ ავიატორები, მაგრამ ჩკალოვი მათ შორის არ ყოფილა. პირველი, ვინც ეს ვირტუოზული მანევრი შეასრულა 1916 წლის ზაფხულში M-5 თვითმფრინავით, საზღვაო მფრინავი ლეიტენანტი გ. ფრიდი იყო, ხოლო 1916 წლის შემოდგომაზე კიდევ ერთმა საზღვაო მფრინავმა, ლეიტენანტმა ა. გრუზინოვმა, ნევის ყველა ხიდის ქვეშ ერთდროულად ჩაიფრინა!

2024 წლის 20 დეკემბერი
საქართველო, თბილისი