საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში დადებითად აფასებს.
მისი თქმით, ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს.
“მე დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ევროპარლამენტში.
თავიდანვე მომხრე ვიყავი მისი მოწვევის, ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს.
ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მან ხაზი გაუსვა, რომ ქართულ სახელმწიფოს ადრე არჩეული ჰქონდა პროდასავლური კურსი.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს კურსი სრულად გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ და ამ კურსის ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო 2003-2012 წლის საქართველო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზაზე მთავარი წარმატებები საქართველოს წინ აქვს, დიქტატურის დამარცხების შემდეგ”, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.