საზოგადოება
დევნილთა აქციები პერმანენტულ ხასიათს იძენს – ხელისუფლება დუმს

devnilebzeდღეს დევნილებისა და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იგეგმება პარლამენტის შენობასთან. აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მიიღებენ. მათ ძირითად მოთხოვნას ადეკვატური საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას წარმოადგენს.

ამასთან, დევნილების თქმით, 13-14 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება. როგორც ისინი აცხადებენ, შაბათ ღამეს მოეწყობა აქცია სანთლებით და ომში დაღუპული ჯარისკაცების ფოტოებით.

აღსანიშნავია, რომ დევნილების აქციები დედაქალაქში სხვადასხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო უწყების ოფისებსა და შენობებთან უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლება ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან ხელისუფლების მისამართით დევნილების პრობლემების მოგვარების რეკომენდაციის შემცველი არაერთი მიმართვაც გაიგზავნა, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში მოკლე კომენტარით მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო შემოიფარგლა, რომელსაც რაიმე კონკრეტული გეგმები დევნილებთან დაკავშირებით არ გაუხმიანებია. მინისტრ სუბელიანის მოადგილემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დევნილების ადეკვატური საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მათი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო.

 

საქინფორმი