საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული არიან ის გარე ძალები, რომლებიც საქართველოში დამარცხდნენ. ინსტრუმენტები არ ელევათ, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დააშანტაჟონ - არ დავუშვებთ, რომ ვინმეს თავი ვაშანტაჟებინოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.
როგორც კალაძე აღნიშნავს, როდესაც საუბარია სანქციებზე, „ახსნა-განმარტება“ უნდა იყოს, თუ რის გამო.
„ცხადია, სამწუხაროა ამ ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ. როდესაც საუბარია სანქციებზე, ახსნა-განმარტება უნდა იყოს: რის გამო? რომ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ვიცავთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას? ამის გამო მოდის შანტაჟი და მუქარა. ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებულია ის გარე ძალები, რომლებიც საქართველოში დამარცხდნენ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, მილიონ ას ოცი ათასმა ადამიანმა უთხრა „არა“ ბოროტებას, უსამართლობას, სიცრუეს. წარმოგიდგენიათ, ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული მომავალი და ამ გზაზე გვაშანტაჟებენ. ჯერ იყო და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით როგორი შანტაჟი მიდიოდა, ახლა საუბარია მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის თემით შანტაჟზე. ინსტრუმენტები არ ელევათ, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დააშანტაჟონ და ყოველთვის ამ ვითარებაში ვიყოთ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. შეიძლება ჩვენ პატარა სახელმწიფო და ქვეყანა ვართ, მაგრამ უდიდესი კულტურის მქონე ხალხი ვართ, ჩვენი ტრადიციებით და წარსულით ვამაყობთ. რა თქმა უნდა, ამ დამოკიდებულებას და მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია. არ დავუშვებთ რომ ვინმეს თავი ვაშანტაჟებინოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.