საზოგადოება
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე ილუმინაციების მონტაჟი ცოტა მოგვიანებით დაიწყება.

როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთაველის გამზირისა, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება. მინდა, მივაწოდო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება შაბათს, 14 დეკემბერს და მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები. მინდა, გითხრათ, რომ თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე ლამაზი საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა; სადაც პატარები ნახავენ ნამდვილ დღესასწაულს და გაერთობიან. ყველა პირობა იქნება ამისთვის შექმნილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე.

სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ არიან გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობდნენ. თუმცა, მინდა, მოგმართოთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და გითხრათ, რომ ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ასე რომ, ერთად ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ ჩვენი სამშობლოს გამარჯვებები. გელოდებით ყველას შაბათს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე. შეგიძლიათ, მობრძანდეთ თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. რაც მთავარია, აუცილებლად ჩაიცვით თბილად, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები“, – განაცხადა თბილისის მერმა.