საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები ავრცელებენ დეზინფორმაციას თითქოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში მომხდარი სავარაუდო კონფლიქტის შემდეგ მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, განუცხადეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პარტიის პრეს-სამსახურში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი „ამერიკულ ჰოსპიტალში" სხეულის მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. მათი განცხადებით, ვრცელდება ცნობები პარტიაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ.
„გუშინდელი საღამოდან რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია და დაინტერესებული სუბიექტები ავრცელებენ დეზინფორმაციას“, - აღნიშნეს პრეს-სამსახურში.
მათ ღარიბაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა უწოდეს.
„სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი და დასჭირდა მცირე სამედიცინო დახმარება. ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ მიაქციონ ყურადღება გავრცელებულ ტყუილებს", - განაცხადეს პარტიაში.
ოპოზიციამ და ოპოზიციურმა მედიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში საპროტესტო ტალღის ფონზე საჯარო მოხელეებმა, მათ შორის, მაღალჩინოსნებმა დაიწყეს სახელმწიფო უწყებების რიგების დატოვება.
თანამდებობები დატოვეს შსს-ის საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის განყოფილების უფროსმა, შსს-ის აკადემიის ტექნიკური მომზადების უფროსმა ინსტრუქტორმა, აშშ-ში, ნიდერლანდებსა და ჩეხეთში საქართველოს ელჩებმა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
ამასთან, 10 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე საპროტესტო მუხტის აწევის მიზნით გეგმავენ სიტუაციის იმდენად გამწვავებას, რომ ამას მოჰყვეს მსხვერპლი და 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.