პოლიტიკა
„ენგურჰესში“ აცხადებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე „ენგურჰესიდან“ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ტერიტორიაზე „ენგურჰესიდან“ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, შეფერხება ნახევარ საათს გაგრძელდა და რაიმე სერიოზულ ავარიას ადგილი არ ჰქონია.

პროცესის განახლების მიუხედავად, ლევან მებონია ადასტურებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიით მომარაგების მხრივ საკმაოდ რთული მდგომარეობაა.

წყლის დონე წყალსაცავში არის დაბალი. შემოდინება ზამთრის თვეებში მინიმალურია და „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“ ახლა მუშაობენ იმ წყლის შესაბამისად, რაც მოდის მდინარეში. ანუ, რეზერვი არ არის. აფხაზეთის მოხმარებამ გადააჭარბა ამ სიდიდეს, რისი გამომუშავებაც ამ მომენტისთვის შეუძლია „ენგურჰესს“ და „ვარდნილჰესს“ ერთად. ამ გადაჭარბებამ გამოიწვია გენერატორის ავტომატური გაჩერება, მაგრამ ისევ მივაერთეთ ქსელში. ეს პროცესი სულ ნახევარი საათი გაგრძელდა. ახლა ორივე სადგური მუშაობს. აფხაზეთის მოხმარება და „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ გამომუშავება შეესაბამება ერთმანეთს. კრიტიკული ავარია არ ყოფილა, თუმცა მომარაგების მხრივ აფხაზეთში ვითარება ძალიან მძიმეა“, – განაცხადა ლევან მებონიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „ენგურჰესმა“ განცხადებაც გაავრცელა.

აფხაზეთის ელექტრომომარაგება „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მეშვეობით ხორციელდება. ენგურის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო ორივე სადგურს მუშაობა ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი სიმძლავრით შეუძლია. შესაბამისად, როდესაც აფხაზეთის მოხმარებამ ამ მოცულობას გადააჭარბა, გენერატორები ავტომატურად გაჩერდა. ამჟამად აფხაზეთის ელექტრომომარაგება აღდგენილია, თუმცა აფხაზეთში დაწესებული შეზღუდვების შედეგად „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ სიმძლავრე უკვე აფხაზეთის მოხმარებას შეესაბამება. ამდენად, მოხმარება და მიწოდება სინქრონულად ხორციელდება“, – აღნიშნულია „ენგურჰესის“ განცხადებაში.