საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინისთვის, „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგლებში, 20 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა გამოაცხადა. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.
„ეს თანხები - რომლის გადახდაც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით განხორციელდება - უკრაინას მხარდაჭერის კრიტიკულ ინფუზიას გაუწევს, რადგან ის იცავს თავის ქვეყანას აგრესიული ომისგან“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ფინანსური რესურსები „გადაუდებელი დახმარების სერვისების, საავადმყოფოების და მისი მამაცი წინააღმდეგობის სხვა საყრდენების შესანარჩუნებლად.
ჯანეტ იელენის განმარტებით, ეს თანხები, ვაშინგტონის დახმარება უსაფრთხოების კუთხით და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის პოზიციას დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას.
„ახლა პუტინი ჩართულია ჩვენს კოალიციასთან ნებისყოფის შეჯიბრში, იმედი აქვს, რომ დავიღლებით და საბოლოოდ უკან დავიხიეთ. მაგრამ კრეატიული პოლიტიკის შემუშავებითა და „დიდო შვიდეულის“ ერთიანობით, ვაგზავნით უტყუარ შეტყობინებას, რომ რუსეთს ვაიძულებთ თავისი უკანონო ომის ხარჯები დაეკისროს“, - აღნიშნა ჯანეტ იელენმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისთვის, რადგან უკრაინის დაცემის დაშვება გამოიწვევს პუტინის შემდგომ აგრესიას და საფრთხეს შეუქმნის ევროპაში აშშ-ის ნატოელი მოკავშირეების უსაფრთხოებას, რომელთა დაცვასაც შეერთებულ შტატებს ხელშეკრულება ავალდებულებს.
interpressnews.ge