საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმ ადამიანების მიმართ გაატაროს ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, რომლებიც კანონს არღვევენ, თუმცა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი აზრი და პროტესტი მშვიდობიან გარემოში გამოხატონ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. დღევანდელ დღეს, ტრადიციულად, სახალხო დამცველი ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით არსებობს ჩვენს ქვეყანაში. წელს ამის გაკეთება განსხვავებულად გადავწყვიტეთ, ვინაიდან ის კონტექსტი, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, გვიბიძგებს, რომ ფოკუსი გავაკეთოთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანაში ბოლო ათი დღის განმავლობაში არსებობს, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც სახალხო დამცველის აპარატი აიდენტიფიცირებს. ამ დღეების განმავლობაში შეხვედრა მქონდა აშშ-ის ელჩთან, ევროკავშირის ელჩთან, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩებთან. მათაც გავუზიარე ის ინფორმაცია, რაც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, როდესაც შეკრების დაშლა ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეების მცირე ჯგუფი არღვევდა კანონს, თუმცა ჩვენი მოქალაქეების დიდი ჯგუფი რუსთაველის გამზირზე პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შსს-ს – და ეს არის ჩვენი მიდგომა – იმ ადამიანების მიმართ გაატაროს ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, რომლებიც კანონს არღვევენ, და ასეთს ჰქონდა, რა თქმა უნდა, ადგილი, ამის უარყოფას არავინ აპირებს, მაგრამ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი აზრი და პროტესტი მშვიდობიან გარემოში გამოხატონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შეხვდა დაკავებულებს, 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები.
„პირადად ვნახე ეს ადამიანები, საზოგადოებამაც ნახა და მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ძალიან ეფექტურად, დროულად გამოიძიოს ყველა ეს საქმე, ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, მისცეს პასუხისგებაში. დაუშვებელია, ეს საქმეები არ იყოს გამოძიებული, ეს კიდევ უფრო წაახალისებს კანონდარღვევებს და ჩვენ უფრო მძიმე სურათს მივიღებთ, როდესაც აქციების დაშლას ექნება ადგილი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, აქციების გაშუქებაში ჟურნალისტების როლი განუსაზღვრელად დიდია.
„გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე და ჟურნალისტებიც არიან უფლებადამცველები. შესაბამისად, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო, შეეძლოთ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც საჭიროდ თვლიან, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება, განსაკუთრებით ის, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მოქალაქეები დაესხნენ თავს და სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ. ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული, ყველა ამ შემთხვევაზე ჩამდენმა პირებმა უნდა აგონ პასუხი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ამასთან, სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ ისაუბრა არაფორმალური ჯგუფის შესახებ, რომელმაც, მისივე თქმით, საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
„არ დარჩა არავინ, ვინც არ დაგმო ეს მოვლენა, ეს არის საშიში მოვლენა, როდესაც ნიღბებიანი ადამიანები უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები წარდგნენ კანონის წინაშე“, – განაცხადა ლევან იოსელინმა.
სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ძალიან მძიმე პირობებში ახორციელებენ.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში, ხელისუფლებას, მაგრამ ამავე დროს აქციის მონაწილეებსაც, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლა არ დაუშვან, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხო გარემოში გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.