საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა სალომე ზურაბიშვილმაც.
„გმადლობ, პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის გაიმარჯვებს – ამას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.
სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით საფრანგეთში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.