საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ოთხი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ, „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ანი ქავთარაძემ, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ქეთი ბაკარაძემ და „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ვატო სურგულაძემ განაცხადეს, სახეზეა სახელმწიფოს სრული კოლაფსი.
ოთხი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს, გაირკვეს, რა ნივთიერებებს და აირებს იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციებზე.
„ივანიშვილის კრიმინალური ბანდა გუშინ საღამოს თავს დაესხა და წარმოუდგენელი სისასტიკით ფიზიკურად გაუსწორდა „ტვ პირველის“ გამომძიებელ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს. ისინი ახლა ტვინის შერყევით და მრავლობითი დაბეჟილობით ჯერ კიდევ კლინიკაში იმყოფებიან და მათი მდგომარეობა იცით. ცხადია, ვგმობთ ამ უპრეცედენტო ძალადობას და მოვუწოდებთ ხალხს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, დავდგეთ ერთად, არცერთი ნაბიჯით არ უნდა დავიხიოთ უკან. ამ განუკითხაობას დავუსვათ წერტილი, რადგან ყველას მოგვაკითხავენ“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო სურგულაძემ.
„ცვლილებებისთვის“ წევრის, ანი ქავთარაძის თქმით, ძალა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინაშე არაპროპორციულია.
„მინდა, მივმართო ჯანდაცვის სამინისტროდ წოდებულს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურს. შეგახსენებთ, რა არის თქვენი უპირველესი ვალდებულება, არა მხოლოდ თანამდებობრივად, არამედ პროფესიულადაც. სასწრაფოდ მოახდინეთ რეაგირება იმის თაობაზე, რომ ძალა, რომელსაც ე.წ. ხელისუფლება იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინაშე, არაპროპორციულია და დაზიანებები, რომელსაც ისინი აყენებენ ადამიანებს, არის ჯანმრთელობის მძიმედ დამაზიანებელი. უნდა მოახდინოთ რეაგირება და გამოითხოვოთ ინფორმაცია ტოქსიკური ნივთიერებების შესახებ, რომელსაც გამუდმებით იყენებს რეჟიმი. არცერთი ცოცხალი მცენარე არ არის დარჩენილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ და ახლა იქ დგამენ ნაძვის ხეს, სადაც ბავშვებს ეპატიჟებიან. აუცილებლად უნდა გაავრცელოთ ინფორმაცია იმ ნივთიერებების შესახებ, რათა ექიმებმა შეძლონ იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომელიც ადამიანებს შეექმნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. წარმოადგინეთ თითოეული პაციენტის მდგომარეობის და დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც კლინიკებში ხვდებიან“, – განაცხადა ქავთარაძემ.
„გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ქეთი ბაკარაძის განცხადებით, არ არსებობს ინფორმაცია, რა სახის ქიმიურ ნივთიერებას იყენებს ხელისუფლება აქციებზე.
„სამწუხაროდ, არ ვფლობთ ზუსტ ინფორმაციას, კონკრეტულად რა სახის ნივთიერებებით ხდება ჩვენი მოქალაქეების ინტოქსიკაცია. მოქალაქეები თვითდინებით აკითხავენ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც არ ფიქსირდება, რომ ისინი ინტოქსირებულები არიან, ამიტომ თვითმკურნალობას ეწევიან. ასევე ის დაზიანებები, არავინ იცის, გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენას იქონიებს ახალგაზრდებზე. ხშირ შემთხვევაში ზიანდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები“, – აღნიშნა ბაკარაძემ.
„ძლიერი საქართველოს“ წევრი ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ საჭიროა, გაირკვეს, რა ნივთიერებებს იყენებს აქციებზე შსს.
„ჯანდაცვის სამინისტროს მივმართავ, მოგწერეთ წერილი, როგორც საკრებულოს დეპუტატმა, ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია. გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რა მომწამვლელ ნივთიერებებს და აირებს იყენებს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო. ხდება თუ არა დეგაზაცია იმ უბნების, სადაც ყოველდღე დიდი რაოდენობით იყენებს ამ საშუალებებს. ნაძვის ხეს რომ დგამთ დღეს, ბავშვები რომ მივლენ იქ, დარწმუნებული ხართ, რომ არავითარი ზიანი არ მიადგებათ?“, – განაცხადა სურგულაძემ.