საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ეუთო/ოდირი არის მთავარი ინსტიტუცია, რომელიც აფასებს არჩევნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ოფიციალური დასკვნა არის არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე ნული მტკიცებულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯერ ეუთო/ოდირმა აღიარა ეს არჩევნები, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია.
„ეს მოხდა შვიდი მოსამართლის ხმით. გახსოვთ, სამ მოსამართლეს მანამდე აცხადებდნენ გმირებად, სიმართლის დამცველებად, ამ შემთხვევაში ამ სამიდან ერთ-ერთმა მოსამართლემაც მხარი დაუჭირა არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ დასკვნას და ეს გახდა ლიბერალური ფაშიზმის ე.წ. ბულინგის მორიგი მსხვერპლი. არის ეუთო/ოდირის დასკვნა. შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირი არის მთავარი ინსტიტუცია, რომელიც აფასებს არჩევნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ოფიციალური დასკვნა არის არჩევნებთან დაკავშირებით და არის ნული მტკიცებულება არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე. ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ შესაბამისი საერთაშორისო სუბიექტების პასიურობას და ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სისტემური ძალადობა, რომელიც ხდებოდა ამ ექვსი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, თბილისის ქუჩებში. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ეს ყველაფერი მძიმედ აისახება კონკრეტული ინსტიტუტების რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ვგულისხმობ ევროკავშირის კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს და სამწუხაროდ, მათ ჩართული ჰყავთ ევროპული ინსტიტუტები ამ ყველაფერში და ვგულისხმობ შესაბამის ინსტიტუტებს აშშ-ში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.