პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. უკვე ძალიან ნათელია, რომ ქართული „მაიდნის“ იდეა ჩავარდა, საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ეს უკვე მეოთხე მცდელობა იყო მათი მხრიდან, ვისაც „მაიდანი“ უნდოდა მოეწყო ქვეყანაში.

ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი პირდაპირ გვემუქრებოდა ქართული „მაიდნით“. ამ იდეას განხორციელება არ უწერია! ქართული „მაიდნის“ ორგანიზების მეოთხე მცდელობა ჩავარდა. ამდენად, ვერ ვხედავთ რაიმე არსებით რისკს ჩვენი ქვეყნისთვის. პროტესტი ქუჩებში გრძელდება, მაგრამ არსებითად კლებადია ხალხის რაოდენობა. ახლა ოთხჯერ ნაკლები ადამიანი გამოდის გარეთ, ვიდრე 5-6 დღის წინ. ჩვენ ძალიან ეფექტურად შეგვიძლია, ვმართოთ სიტუაცია. სახელმწიფო ძალიან ძლიერია; სამართალდამცავი ორგანოები ძალიან ძლიერი გვყავს და ამიტომ იქნება ყველაფერი ძალიან კარგად ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.