პოლიტიკა
სახელმწიფო კომპანიების სააქციო პაკეტები – საერთაშორისო ბირჟებზე

safondo-birJa

როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 10 აგვისტოს განაცხადა, მთავრობა განიხილავს პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სახელმწიფო კომპანიებს საშუალებას მისცემს, სააქციო პაკეტები საერთაშორისო ბირჟებზე განათავსონ.

„აქამდე ამის შესაძლებლობას დღევანდელი რეგულაცია არ გვაძლევდა. ლონდონისა და ვარშავის ბირჟებზე 15-20-25 პროცენტის აქციების განთავსების შესაძლებლობა გვინდა, განვიხილოთ ისეთ კომპანიებში, როგორიც არის რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ელექტროსისტემა და სხვა სახელმწიფო კომპანიები“, – განაცხადა გილაურმა მთავრობის სხდომაზე.

„ეს საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში დიდი რაოდენობის ახალი კაპიტალი მოვიზიდოთ, დიდი რაოდენობის ინვესტიციები შემოვიტანოთ“, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საერთაშორისო ბირჟებზე სიტუაცია „სახარბიელო“ არ არის და „სხვა ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი დაისვა“, საქართველოსადმი ნდობა არათუ შემცირებული, არამედ „გაზრდილია“.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომლის აქციების განთავსებაც იგეგმება, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს მართავს, რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს. თებერვალში მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ გაზსადენის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას, თუმცა კორპორაციის აქციების 25 პროცენტის საერთაშორისო ბირჟაზე პირველადი განთავსება (IPO) ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ არ გამორიცხა, ისევე, როგორც დასაშვებად მიიჩნია თბილისის ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელასში“ სახელმწიფო კუთვნილებაში დარჩენილი 25 პროცენტი აქციების საფონდო ბირჟებზე განთავსება. „თელასის“ აქციების 75 პროცენტს რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაო“ ფლობს.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ამ კომპანიამ გასული წლის ივლისში საფინანსო ბაზრებზე 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები ხუთწლიანი ვადით განათავსა.

 

საქინფორმი