საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში „მაიდანის“ მოწყობის მცდელობა დასრულდა, ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, მშვიდობა ამ ქვეყანაში. შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კითხვაზე, ვინ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს იქნება შესაბამისი უწყებების კომპეტენცია.
„ეს იქნება შესაბამისი უწყებების კომპეტენცია, პასუხისმგებლობა. ამაზე საუბარი ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. არიან კონკრეტული პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, შესაძლო დანაშაული ამ დღეებში, ამიტომ საბოლოოდ პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თანამდებობის დატოვების შემდეგ რაიმე სახის სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაემუქროს, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს არის შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობა.
„ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა, ეს არის შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობა. ამ კუთხით მოქმედ პრეზიდენტზე არ ვიფიქრებდი, მაგრამ საბოლოოდ, ეს არის შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.