საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ამას ველოდებოდი, მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, გადაადგილებები იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება.
მისი თქმით, ეს ადამიანები აღნიშნულ გზას ირჩევენ, რაც მათი გადასაწყვეტია.
„ეს ჩემთვის გასაგებია. ჩვენ გასულ კვირას, მერიაში რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ. კარგია, ეს თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ამ გზას ირჩევენ, მათი გადასაწყვეტია. მე ამას ველოდებოდი, რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, გადაადგილებები იგეგმება. არაფერი, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა“,- აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება. მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან.