პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რათა უზრუნველვყო სტაბილურობა გარდამავალ პერიოდში ახალ არჩევნებამდე

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. ყველაფერი იშლება. ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა. ყველა სხვა ინსტიტუტში გაბატონებულია ერთპარტიული მმართველობა, პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადის ქუჩაში პროტესტის გამოსახატად.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და უჩვეულო ქვეყანაში არის ის, რომ ვხედავთ ადამიანები ტოვებენ საჯარო სამსახურებს სამინისტროებში, სხვადასხვა ინსტიტუტებში. ასევე ახალია საქართველოსთვის ის, რომ სპონტანური საპროტესტო აქციები იმართება ყველა ქალაქში, ჩვეულებრივ პროტესტის ნებისმიერი ფორმის ცენტრი თბილისი იყო ხოლმე. პოლიტიკური პარტიები არ შევიდნენ და არ შევლენ პარლამენტში. ასე რომ, ჩვენ ვართ ამ ღრმა კრიზისში და ყველაზე მეტად რაც გვჭირდება არის სტაბილურობა. მიმაჩნია, რომ მე ვთავაზობ ამ სტაბილურობას გარდამავალი პერიოდისთვის, რადგან რასაც ხალხი ქუჩაში ითხოვს და რის გამოც პროტესტს გამოხატავს, არის ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა ეს ქვეყანა აღდგეს ევროპულ გზაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რა მოხდება, თუკი „ქართული ოცნება“ ამ მოთხოვნას უგულებელყოფს, პრეზიდენტმა უპასუხა:

და რა მოხდება, თუკი ჩვენ უგულებელვყოფთ მათ? ვფიქრობ, ეს არის ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ ქუჩებში. ძალადობის მიუხედავად, მათ მიმართ გამოყენებული ძალის მიუხედავად მათ სიმტკიცეში არაფერი იცვლება”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და არჩევნების მომზადება და რომ გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე და რაც შეიძლება სტაბილური.

დავრჩები პრეზიდენტის პოსტზე, ეროვნული ფორმატის საბჭო, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება დამეხმარება პროტესტის პოლიტიკურ ნაწილში, რადგან მე არ ვხელმძღვანელობ პროტესტს ქუჩაში, რომელიც ძალიან სპონტანურია. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ჩვენ გვჭირდება არჩევნების მომზადება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ასევე ითხოვს ახალ არჩევნებს, იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დეკემბრის შუა რიცხვებში და ტექნიკური მისია, რომელსაც ისინი აგზავნიან საქართველოში, დაგვეხმარება განვიხილოთ შემდეგი არჩევნების პირობები იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გვქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასე რომ, ეს უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი და გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე და რაც შეიძლება სტაბილური“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა თავს დაცულად და ფიქრობს, თუ არა, რომ შესაძლოა დააპატიმრონ, პრეზიდენტმა უპასუხა: „ასე არ ვფიქრობ“.

მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი. მიმაჩნია, რომ დღეს მმართველი პარტია ძალიან იზოლირებულია და უფრო და უფრო იზოლირებული გახდება. ახლა რაც ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ისინი ამას შეეგუებიან, არის სტაბილური გარდამავალი პერიოდი, ახალი არჩევნები, რომელიც მათ სრულად არ გააძევებს ხელისუფლებიდან, ისინი დარჩებიან იმდენად, რამდენადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მისცემს მათ მანდატებს პარლამენტში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.