საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთს საქართველოს მთავრობასთან არანაირი ურთიერთობები არ აქვს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებული იყო იმ სიმამაცითა და ხასიათით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციის დაცვისას გამოავლინა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, დასავლეთის მასობრივი პროტესტისა და კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ მიიღი და ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა. ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
„როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი ამ ყველაფერს და თვალს ვადევნებდი ამას. უბრალოდ, გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც ავლენდნენ იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება დაეცვათ. ახლა ამ მოსაზრებას შეფასებას არც მივცემ”, - განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან.
ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთს საქართველოს მთავრობასთან არანაირი ურთიერთობები არ აქვს.
sputnik-georgia.com