აქტუალური
ირაკლი კობახიძე: იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ნულოვანი ფასი

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ არ ყოფილა გუნდში მსჯელობა მანდატების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით.

ჯერ არ გვიმსჯელია ჩვენ ამ საკითხზე. გახსოვთ, რომ 4 წლის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით. ამაზე გამოდიოდნენ მაშინ ის ე.წ. „ტოპ-ტვინები“, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ პარლამენტის მხრიდან მანდატების ლეგიტიმაციის ცნობა არ იყო კონსტიტუციური, და იგივე „ტოპ-ტვინები“, ე.წ. კონსტიტუციონალისტები აცხადებდნენ, რომ პარლამენტის მხრიდან ამ დეპუტატებისთვის მანდატების არშეწყვეტა იყო არაკონსტიტუციური. თუმცა, საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ, სწორედ, ამ ჩვენი გადაწყვეტილებით ისარგებლა ოპოზიციამ, როდესაც შემოვიდა პარლამენტში და 3.5 წელიწადი, სწორედ, ჩვენი ე.წ. „არაკონსტიტუციური“ გადაწყვეტილების წყალობით სარგებლობდნენ საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, იღებდნენ ხელფასებს, მათ შორის, ამ 6 თვის განაცდურიც მოითხოვეს და ეს ხელფასებიც ბოლომდე აიღეს, ეს იყო მაშინდელი გადაწყვეტილება, მაშინ არ შევუწყვიტეთ მათ მანდატები. ჯერჯერობით არ გვიმსჯელია ამ საკითხზე, შემოვიდა 20 განაცხადი, დაანონსებულია ხვალაც განაცხადების შეტანა, დაველოდებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, საშუალება გვაქვს, რომ 2 კვირაში კენჭი ვუყაროთ ამ საკითხს, მანამდე, ბუნებრივია, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი. გახსოვთ, წინა 4 წლის განმავლობაში ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში, მაგრამ ამით მაინც არ შეწყვეტილა ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა, ისინი ერთნაირად აგრძელებდნენ ქუჩისა და დარბაზის გამოყენებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.