საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საკანონმდებლო ორგანომ გუშინდელ სხდომაზე საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა პირველ სხდომაზე 16 კომიტეტის თავმჯდომარე აირჩია.
დეპუტატებმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ გელა სამხარაულს დაუჭირეს მხარი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გივი მიქანაძე აირჩიეს; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მაია ბითაძეს დაუჭირეს მხარი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ირაკლი ზარქუა გაუძრვება; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა ლევან მახაშვილი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატებმა ალექსანდრე ტაბატაძეს დაუჭირეს მხარი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს გიორგი კახიანი; კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა გიორგი გაბუნია; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ირაკლი ქადაგიშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ნიკოლოზ სამხარაძე უხელმძღვანელებს;
რაც შეეხება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით მათიკაშვილი აირჩიეს; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ კი პაატა კვიჟინაძეს დაუჭირეს მხარი; სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა კი ზაზა ლომინაძემ დაიკავა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე უწევს. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება პარლამენტის არანაკლებ 10 წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ შვიდი წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. პარლამენტის წევრი ვალდებულია, იყოს არანაკლებ ერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ამასთანავე, არ შეიძლება, იყოს გაწევრებული ორზე მეტ კომიტეტში.