საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელების განხილვის ვადა ერთი თვეა, სესიის მოწვევის საკითხი კი მათთან დაყენებული არ არის.
მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად შემოვიდა და, შესაბამისად, ერთად განიხილება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია ორი სარჩელი. მოგეხსენებათ, ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, მეორე საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის ავტორობით. ერთი სარჩელი, იცით, რომ უკვე დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე კანონით განსაზღვრულ ვადებში. რაც შეეხება მეორე სარჩელს, მეორე სარჩელი იყო ფოსტით გამოგზავნილი, შემოვიდა გუშინ, საორგანიზაციო დეპარტამენტი ამოწმებს მის ტექნიკურ მხარეს და ვფიქრობ, რომ დღის განმავლობაში დაადგენს, ხარვეზი ხომ არ აქვს რამე ამ სარჩელს, შემდგომ კი ამ სარჩელსაც დაარეგისტრირებს.
რაც შეეხება გაერთიანებას, რა თქმა უნდა, ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა. ჯერ რა თქმა უნდა, გაერთიანებული არ არის, იმდენად, რამდენადაც მეორე სარჩელი რეგისტრაციის შემოწმების ეტაპზეა. რეგისტრაციის მხრივ, პირველი სარჩელი სამი დღის ვადაში დარეგისტრირდა ყოველგვარი დარღვევის გარეშე. სამშაბათს შემოვიდა, უკვე გუშინ დარეგისტრირებული იყო.
რაც შეეხება მეორე სარჩელს, შემოვიდა გუშინ ფოსტით და ამოწმებს საორგანიზაციო დეპარტამენტი. რაც შეეხება ვადებს, ორივე სარჩელი დარეგისტრირების შემდეგ ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს, რომელიც არის პირველი. თქვენ იცით, განმწესრიგებელი სხდომის ფორმატით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, ასევე მხარეთა მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა ტურავამ.
მერაბ ტურავამ აღნიშნა, რომ სარჩელების დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არსებობს, რადგან საკითხი, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ისედაც დაჩქარებულია.
„რაც შეეხება ვადებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიცი, თქვენ ინფორმირებული ხართ, დღეს ვიკრიბებით დღის მეორე ნახევარში და თუ როგორი იქნება ჩვენი, ასევე დროით, ამ სარჩელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ამაზეც დღეს შევთანხმდებით.
მაქსიმალური ვადა არის ერთი თვე – ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს. ერთი დღიდან ერთ თვემდე, როდესაც ორივე სარჩელი დარეგისტრირდება, უკვე იმ მომენტიდან იწყება ორივე სარჩელზე მუშაობა, შესაბამისად, როდესაც მზად იქნება პირველი ეტაპი, იმ დროს უკვე ის აქტი, რომელიც იქნება სასამართლოს მიერ მომზადებული, გამოქვეყნდება. აქ არავითარი დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის, რადგან ეს საკითხი ისედაც კანონმდებლობიდან გამომდინარე არის დაჩქარებული“, – განაცხადა ტურავამ.
რაც შეეხება ახალი პარლამენტის პირველი სხდომის 25 ნოემბერს მოწვევას, ტურავა აცხადებს, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში დაყენებული არ არის.
„რაც შეეხება პარლამენტის სხდომას (25 ნოემბერს მოწვევას), ეს საკითხი ჩვენთან არ არის დაყენებული“, – აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.