საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას "ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების შესახებ."
განახლებული დოკუმენტი აფართოებს ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს და ასეთი შესაძლებლობა განიხილება „კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასიური გაშვებისა" და მათ მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის შესახებ "საიმედო ინფორმაციის მიღებისას“.
განახლებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაცია "ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ბირთვული სახელმწიფოს მონაწილეობით ან მხარდაჭერით მიმართულ აგრესიას განიხილავს, როგორც მათ ერთობლივ თავდასხმას რუსეთის ფედერაციაზე“.
მანამდე, სექტემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მიმართა წინადადებით, რომ შეიცვალოს რუსეთის ბირთვული დოქტრინა და რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება შეეძლოს იმ შემთხვევაშიც, თუ მის საზღვარს მასობრივად გადაკვეთენ ფრთოსანი რაკეტები, დრონები და სხვა მფრინავი ობიექტები.
ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ პირველი განცხადება რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გააკეთა. მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, 14 სექტემბერს თქვა, რომ კიევი „რუხ, გამდნარ წერტილად“ შეიძლება იქცეს, თუკი შესუსტდება აკრძალვები უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებაზე.
პუტინის მიერ განახლებული ბირთვული დოქტრინის დამტკიცების ფონია 17 ნოემბერს დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას მისცა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, ATACMS-ების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენების უფლება.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ამერიკულ რაკეტებს უახლოეს დღეებში გამოიყენებენ.
radiotavisupleba.ge