საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი გუშინ ანაკლიის პატრიოტთა ბანაკს სტუმრობდა, სადაც ახალგაზრდებთან შეხვედრისას სხვა საკითხებზე საუბართან ერთად რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინტერვიუსაც გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ზოგს ბანაკების შენება სიამოვნებს, ზოგს კი – საკუთარი დიდი არმიით სხვისი აშენებული ბანაკების გადაწვა, ტანკებით გადავლა და მიწასთან გასწორება. „რამდენიც არ უნდა დაგვიწვან და მიწასთან გაგვისწორონ, ჩვენ უფრო მეტს ავაშენებთ. როგორც ქართველი პოეტი ამბობს: „ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ“... ისიც უთქვამთ: „ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია“... რა თქმა უნდა, როდესაც ხედავ, რომ ამდენი უსამართლობა ხდება, შეიძლება შიგნიდან ყველაფერი გგლეჯდეს და დაიკვნესო კიდეც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, გავჩერდეთ, შევაჩეროთ შენება და შევწყვიტოთ ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის. აქვეა ზღუდე, რომლის მიღმა ადამიანებს ეთნიკურ წარმომავლობას ეკითხებიან და თუ არ არიან იმ ეთნოსის წარმომადგენლები ან იმ შეხედულებებს არ იზიარებენ, რომლებიც იქ მდგომი ჯარისკაცების უფროსებს არ მოსწონთ, ხაზს იქით არ გადაუშვებენ. ჩემს დიდ ბაბუას, დომენტი ალასანიას, ეშერაში სახლი დარჩა და ჩემი სამშობლო არის აფხაზეთი. ჩემი სამშობლო არის იქ, სადაც დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი, შემორჩენილი და გადმონაშთი არმია ეთნიკური ნიშნით არ გვიშვებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, სააკაშვილმა ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც, მისივე თქმით, „რუსეთის ხელმძღვანელობა მას ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა“. „ვეუბნებოდი: შესაძლოა, მე საქართველოს ერთ-ერთი ბოლო ხელმძღვანელი ვარ, რომელსაც შეუძლია ესენინის, პუშკინის, ლერმონტოვის, ვისოცკის, ბროდსკის ციტირება და თუ ასე გააგრძელებთ, შეიძლება, შემდეგმა პრეზიდენტმა საერთოდ არ ილაპარაკოს რუსულად. და ეს ძალიან ცუდია... რა თქმა უნდა, პოლიტიკა პოლიტიკაა. ისეთი პოლიტიკა, რომლის პირობებში ჩვენი ქვეყნის ნაწილი დაკავებულია, არ განგაწყობს კარგი პოლიტიკური ურთიერთობისკენ, მაგრამ ხალხმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს ერთმანეთი“, – დასძინა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი კავკასიის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, „შორს არაა ის დრო, როდესაც კავკასია ერთიანი იქნება; როდესაც ეს ხალხები ერთობლივად გადაწყვეტენ პრობლემებს, ისევე, როგორც ევროპის საბჭოს ხალხები, ბენილუქსი, სკანდინავიის ხალხები. კავკასიას აბსოლუტურად ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი, ერთიანი და მთლიანი, რა თქმა უნდა, საკუთარი საზღვრების, ერებისა და თავისებურებების შენარჩუნებით, მაგრამ ეს, მაინც, ერთი რეგიონია“.
საქინფორმი