საზოგადოება
მსოფლიოს უდიდეს პლატფორმა Alibaba.сom-ზე შეიძლება ქართული პავილიონი გაჩნდეს

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო ელექტრონულ პლატფორმა Alibaba.com-ზე, შესაძლოა, მალე საქართველოს ეროვნული პავილიონი გაჩნდეს, განაცხადა სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ჩინეთის ქალაქ ჰანჭოუში კომპანიის სათავო ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ქართული პავილიონის განთავსება საერთაშორისო ჩინურ პლატფორმაზე Alibaba.com, რომელსაც 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა „ალიბაბას“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან. გვინდა საქართველო რაც შეიძლება მალე შეუერთდეს მსოფლიოში უმსხვილეს B2B პლატფორმას ეროვნული პავილიონით", - განაცხადა ხიდურელმა.

მისი თქმით, ეს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეწარმეებს საგრძნობლად განავითარონ ბიზნესი და პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე.

„ალიბაბა“ 1999 წელს დაარსდა და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ამჟამად 6 ბიზნეს-ჯგუფს აერთიანებს.