საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
9 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივ განცხადებაში შეშფოთება გამოხატეს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე „მრავალრიცხოვანი დარღვევების“ გამო. მათ აღნიშნეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას, სანამ ქვეყანა არ შეცვლის კურსს და „ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო“ კანონებს არ გააუქმებს.
„საკუთარ ფასეულობებზე გადაბიჯება არის ის, რასაც ევროკავშირის რეალურ ფასეულობასთან კავშირი არ აქვს და რაც არის გარკვეულწილად, ნეოკოლონიალური პოლიტიკის რეციდივები. საქართველო ამ რეციდივების ქვემდებარე არ იქნება. საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამასთან, პოლიტიკოსმა დასავლელ კოლეგებს მოუწოდა ესაუბრონ საქართველოს „როგორც ზრდასრულ სახელმწიფოს“ და აუხსნან რატომ არის გამჭვირვალობა ევროპის ყველაზე დიდი მტერი.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში ე.წ. ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღება ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის მოსახლეობის ნაწილის დისკრიმინაციის გაზრდის რისკებს. ხოლო მოწინააღმდეგეები ე.წ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. კრიტიკა გაძლიერდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.