სამართალი
აზერბაიჯანის საელჩოსთან აფგან სადიგოვის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. რუსთაველის გამზირზე არჩევნების შედეგების წინააღმდეგ „ჩვენ ვართ ევროპის“ სახელწოდებით მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, 11 ნოემბერს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა აზერბაიჯანელი კრიტიკოსი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის გათავისუფლების მოთხოვნით. სადიგოვი უკვე ორ თვეზე მეტია დაკავებულია მას შემდეგ, რაც ის სამართალდამცავებმა აზერბაიჯანიდან ექსტრადიციის მოთხოვნის შემდეგ დააკავეს. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელსაც აზერბაიჯანი მუქარასა და გამოძალვას ედავება, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 აგვისტოს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის ნიშნად აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და დაკავების შემდეგ 35 კილო დაიკლო.

საპროტესტო აქციაშიც ასევე მონაწილეობდნენ სადიგოვის მეუღლე სევინჯ სადიგოვა და მისი ორი არასრულწლოვანი ქალიშვილი.

საქმეები ნამდვილად ცუდად მიდის. დღეს ჩემი ქმრის შიმშილობის 52-ე დღეა. ალიევის რეჟიმმა კარგად იცის ჩემი ქმრის მდგომარეობა, მაგრამ აგრძელებენ მის დაკავებას. ექიმები ამბობენ, რომ მის მდგომარეობაში ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება კომაში ჩავარდეს. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“, – ციტირებს სევინჯ სადიგოვას საინფორმაციო გამოცემა „ეხო კავკაზა“. მისი თქმით, „უდანაშაულო კაცს კლავს არა მხოლოდ ალიევის რეჟიმი, არამედ ის, რომელსაც აქ ივანიშვილი მართავს… იმ დროს, როცა აზერბაიჯანელი ხალხი კვდება, შიმშილობს და უმუშევარია. ივანიშვილისა და ალიევის რეჟიმები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მემუქრებიან იმის გამო, რასაც ვამბობ, მაგრამ ბოლომდე ვილაპარაკებ, თუნდაც ალიევმა ივანიშვილს ჩემი მოკვლა ან დაპატიმრება უბრძანოს“.

საპროტესტო აქცია აზერბაიჯანში გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე ყოველწლიურ კონფერენციას (COP29) დაემთხვა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.

„COP29 პოლიტიკური ფარისევლობაა“ და „ შეაჩერე COP29“ – წერია პლაკატებზე, რომლებიც აზერბაიჯანის საელჩოს წინ მყოფ აქციის მონაწილეეებს ეკავათ. მათი თქმით, აზერბაიჯანის, როგორც კლიმატის საკითხებზე ლიდერის იმიჯის პოპულარიზაციისთვის COP29-ის გამოყენებით ხდება ყურადღების გადატანა ისეთ საკითხებზე როგორიც ადამიანის უფლებებია, მათ შორის აზერბაიჯანელი აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნა. ცნობილი გარემოსდაცვითი აქტივისტი გრეტა თუნბერგი, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, აზერბაიჯანის საელჩოს წინ გამართულ აქციას შეუერთდა.