სამართალი
საქართველომ რუსეთს რეკორდული მოცულობის ბოსტნეული და ხილი მიაწოდა

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთმა საქართველოდან ბოსტნეული და ხილი ამ პერიოდისთვის რეკორდულ 100 მილიონ დოლარად შეიძინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

2024 წლის ცხრა თვის შედეგების მიხედვით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ბოსტნეულის, ხილის, თხილისა და მათი გადამუშავებული პროდუქტების მიწოდების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით გაიზარდა და თითქმის 100 მილიონი დოლარი შეადგინა - ეს გახდა სამ კვარტალში ექსპორტის მაქსიმალური მოცულობა.

ამასთან, სექტემბერში მოსკოვმა თბილისიდან 11,3 მილიონი დოლარის ბოსტნეული და ხილი შეისყიდა, რაც 28%-ით ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელზე და 22%-ით მეტი 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე. გასული წლის ბოლოს პროდუქციის მიწოდებამ 108,3 მილიონი დოლარი შეადგინა.

წელს რუსეთმა საქართველოსგან ყველაზე მეტი შეისყიდა კურკოვანი ხილი (ატამი, ნექტარინი და ქლიავი) - 32,1 მლნ დოლარის, კენკრა - 26,2 მლნ, გადამუშავებული ხილი, თხილი და კენკრა - 22,3 მლნ, ციტრუსები (ძირითადად მანდარინი) - 7,2 მლნ და თხილი - 3,7 მლნ.

რუსეთის ფედერაციაში ასევე შევიდა ქართული პომიდორი (2,3 მილიონი), ლეღვი და ავოკადო (1,5 მილიონი), ვაშლი, მსხალი და კომში (1,4 მილიონი), ბოსტნეული (880 ათასი), ხილისა და ბოსტნეულის წვენები (765 ათასი), ყურძენი (640 ათასი), მურაბები და კონსერვები (348 ათასი).

„საქსტატის" მონაცემებით, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,1%-ით შემცირდა და 1,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რუსეთში ექსპორტი კი თითქმის 2,2%-ით გაიზარდა.