საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვა შეუძლებელი იქნება, ვინაიდან ქვეყანაში საარჩევნო ბიულეტენების დასაბეჭდად საჭირო ქაღალდის დეფიციტია. ინფორმაციას Bild-ი გერმანიის ფედერალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე რუთ ბრანდზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგოროც ბრანდი აღნიშნავს, გერმანიაში არჩევნების ორგანიზება, შესაძლოა, აგრეთვე გაჭირდეს მაღალი რისკებისა არსებობისა და პერსონალის არყოლის გამო. ბრანდის თქმით, ეს „დიდი პრობლემაა“. მას ეჭვი ეპარება, რომ გერმანიაში მოკლე დროში არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება.
გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ უკვე დაგმო ბრანდის ეს განცხადება. კერძოდ, პარტიის პირველმა საპარლამენტო მდივანმა ტორსტენ ფრაიმა აღნიშნა, რომ გერმანია ვალდებულია მიჰყვეს კანონს და არჩევნები დაყოვნების გარეშე ჩაატაროს. მან ბრანდს მოუწოდა „არ აყვეს მანიპულაციას“ და შეახსენა, რომ საფრანგეთში რიგგარეშე არჩევნების ორგანიზება სამ კვირაში გახდა შესაძლებელი.
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ გენერალურმა მდივანმა კარსტენ ლინემანმა ბრანდის განცხადებას „სკანდალური და სამარცხვინო“ უწოდა. „ისეთ ქვეყანას, როგორიცაა გერმანია, არჩევნების ჩატარება 60 დღეში უნდა შეეძლოს“, - ციტირებს Bild-ი ლინემანს.
ცნობისთვის, გერმანიაში პოლიტიკური კრიზისია. ქვეყნის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი, რომელიც „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ შოლცმა განაცხადა, რომ 2025 წლის 15 იანვარს გერმანიის პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებს, რასაც, შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვეს.