საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე „ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა“.
დახურული ფორმატის დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.
ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით და ისაუბრა სატრანსპორტო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულება, რკინიგზის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება დაუთმო ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობას და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლს.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სატრანზიტო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო და საიმედო პარტნიორად ფართო რეგიონში.
დახურული ფორმატის დისკუსიაში, რომელსაც ლატვიის პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობდა, ესტონეთის, პორტუგალიის, სერბეთის, თურქეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, უკრაინის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ.