საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის მონაწილეობით გამოიკითხა.
როგორც გამოკითხვის შემდეგ რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტერორიზმზე და შეთქმულებაზე შეკითხვები არ დასმულა. თუ რა შინაარსის შეკითხვები დაისვა, ამაზე რურუა არ საუბრობს და განმარტავს, რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
რურუა გამორიცხავს შეთქმულებასა და ტერორიზმთან რამე კავშირს და გამოკითხვაზე დაბარებას საცირკო წარმოდგენას უწოდებს.
„გაუგებარია, ცირკია, შინაარსის გარეშეა დაკითხვა. ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე. არანაირი შეხება არც შეთქმულებასთან, არც ტერორიზმთან არ მაქვს. არანაირ ჩემს აქტიურობასთან არ იყო დაკავშირებული ეს გამოკითხვა. დაშინების მცდელობა იყო. არ არსებობს არანაირი საქმე. ეს იყო ყავაზე მკითხაობა. არანაირ ტერორიზმზე და შეთქმულებაზე შეკითხვები არ დასმულა. უკრაინა საერთოდ არ უხსენებიათ“, – განაცხადა გიორგი რურუამ.
მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ეს გამოძიება მიზნად საზოგადოების დაშინებას ისახავს.
„გამოიკითხვაზე იმიტომ დაიბარეს, რომ მომზადდეს პროპაგანდისტული სიუჟეტები. ესაა საცირკო წარმოდგენა, რომ საზოგადოებაზე პროპაგანდისტული არხებით მოახდინონ ზეგავლენა, თითქოს ვიღაც რაღაცას გეგმავს. ეს საქმე მხოლოდ ამისთვისაა, სხვა არანაირი შინაარსი და დატვირთვა არ გააჩნია. აბსტრაქტული შინაარსის კითხვები იყო. ხელოვნური პროცესი იყო. დიდი ეჭვი მაქვს, სხვა პირებიც იმავე მიზნით იქნებოდნენ დაკითხული. რაც შეეხება იმას, რატომ არ მივედით სუს-ში, არ ვენდობით“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.