საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ვინმეს თუ ჰგონია, კარვების საკითხი გავაჩერე, ძალიან ცდება, ძალიან ბევრი კარავი შეგროვდა და კიდევ გროვდება, მათ შორის დიდი კარვებიც, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შემთხვევითი არ არის, მე რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ. მე მაქვს სხვა საქმე, ჩვენ განაწილებული გვაქვს როლები როგორც ჩვენი კოალიციის შიგნით, ასევე ოპოზიციაში. საქმე არის ძალიან ბევრი და ყველა ვმუშაობთ ჩვენ-ჩვენი მიმართულებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
აღნიშნული განცხადება გვარამიამ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს გააკეთა. ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე.
„ჩვენ არ ვიხილავდით პრეზიდენტის ინიციატივებს, გვქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ქვეყანაში, როგორ ვხედავთ ოპოზიციური პარტიები და რა გეგმები გვაქვს, ხომ არ შეცვლილა ეს გეგმები და ა.შ. სინამდვილეში, ცხადია, რომ ეს გეგმები არ შეცვლილა, ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის, ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, როგორც ლეგალურ გზებს, სასამართლოებს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსაც სავარაუდოდ, ასევე გამოვიყენებთ კონსტიტუციით და კონვენციებით ნებადართულ გზას სახალხო დემოკრატიისა, რომელსაც მარტივად ჰქვია ქუჩა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ეს იცის მსოფლიოში ყველამ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.