სამართალი
თვითაცილების მექანიზმი უნდა გამოეყენებინა: დეპუტატი - მოსამართლე ხუჭუაზე

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას, რომელმაც კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო, თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქებში საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო, ინტერესთა კონფლიქტის გამო თვითაცილების მექანიზმი უნდა გამოეყენებინა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.

თეთრიწყაროს სასამართლო 23 სასამართლოდან ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი დააკმაყოფილა. საია აცხადებს, რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპი დაირღვა საქართველოს 2263-ვე უბანზე (სულ 2/3), სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

ნაცაქტივს დიდი ზეიმი აქვს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო ერთმა კონკრეტულმა მოსამართლემ, რომელსაც წესითა და რიგით თვითაცილებაც უნდა გამოეყენებინა ამ საქმესთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, მისი მეუღლე თუ რა პოსტებით არის წარმოდგენილი სოციალურ ქსელში და ზოგადად როგორი აქტივისტური საქმიანობით არის ის დაკავებული", - განაცხადა გორდულაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლის მეუღლე ელზა გურგენიძე ოპოზიციის აქტივისტია და საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს. ოპოზიციის წარმომადგენლების მსგავსად, ისიც აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.

მაგრამ, ეს ყველაფერი რომ გვერდზე გავწიოთ, გადაწყვეტილება ცალსახად არის მოკლებული ყველანაირ იურიდიულ ლოგიკას, სამართალს“, - განაცხადა გორდულაძემ.

წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ცესკომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამომრჩეველთა ბიულეტენების დათვალიერების, ასევე სასამართლო დარბაზში ტექნიკური ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, მოსამართლე ხუჭუა მივიდა დასკვნამდე, რომ ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას თვალსაჩინო იყო, რა არჩევანი გაკეთდა, ვინაიდან უკანა მხარეს მარკერის კვალი ჩანდა.

როგორც ადრე ცესკოში განაცხადეს, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა ამომრჩეველს გადაეცემოდა სპეციალური კონვერტი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის წესის მიხედვით, აღნიშნულ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენი ხმის დამთვლელ აპარატში თავსდებოდა.