სამართალი
სასამართლომ 86 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობაზე უარი განაცხადა

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი, რომელმაც გურიის რეგიონის ყველა საოლქო საარჩევნო კომისია ფარული კენჭისყრის პრინციპის მასობრივ დარღვევაში დაადანაშაულა და 86 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა.

არჩევნებიდან მეოთხე დღეს, 30 ოქტომბერს, საიამ ფარული კენჭისყრის პრინციპის მასობრივი დარღვევის შესახებ განაცხადა და 2263 საარჩევნო უბანზე (2/3) არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა.

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა სარჩელი. რა თქმა უნდა, ფარული კენჭისყრა სრულად იყო დაცული“, - განაცხადა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა ამომრჩეველს გადაეცემოდა სპეციალური კონვერტი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის წესის მიხედვით, აღნიშნულ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენი ხმის დამთვლელ მანქანაში თავსდებოდა.

მიგვაჩნია, რომ ჩვენ სასამართლოს მივაწოდეთ სანდო მტკიცებულებები, მოპასუხე მხარემ - საოლქო კომისიებმა კი ვერ მოახერხეს იმის უარყოფა, რომ მარკერის კვალი ასახული იყო ბიულეტენის უკანა მხარეს“, - განაცხადა საიას ადვოკატმა ქეთევან თოიძემ.

მისი თქმით, სასამართლოს ასევე წარედგინა მტკიცებულებები, რომ ხმის დამთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას შესაძლებელი იყო იმის დადგენა, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

ფარული კენჭისყრის პრინციპის მასობრივი დარღვევის მტკიცებულება, საიას თქმით, არის კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კამერების განლაგება და ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მოჩანდა მარკერის ანაბეჭდი (ანუ ჩანდა ის თუ რომელი პარტიის გასწვრივ გააფერადა წრე ამომრჩეველმა).

აღნიშნულ ბრალდების პასუხად ცესკომ განაცხადა, რომ ბიულეტენის სწორად განთავსება სპეციალურ კონვერტში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპს. ამასთან, ცესკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, ხოლო კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მითითებები იყო.