თბილისის საქალაქო სასამართლოში სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის – ბადრი ბიწაძის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მის მეუღლეს, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს მოწმის სტატუსით 2 საათის განმავლობაში კითხავდნენ. მას შეკითხვები მხოლოდ ბრალდებულის ადვოკატებმა დაუსვეს. პროკურორსა და მოსამართლეს ბურჯანაძისთვის შეკითხვები არ დაუსვამთ.
ბურჯანაძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს მისი მეუღლის ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი არგუმენტი არ გააჩნია. მან აღნიშნა, რომ სასამართლო ამ მხრივ უხერხულ მდგომარეობაშია. მისი თქმით, 2 საათის განმავლობაში პროკურატურას არცერთი შეკითხვა არ დაუსვამს, რასაც ბურჯანაძე თავისი სიმართლის დადასტურებად მიიჩნევს. „თეთრი ძაფებით კი არა, თეთრი თოკებით არის ეს საქმე შეკერილი. ვერცერთ შემთხვევაში ვერცერთ ნორმალურ სასამართლოში ეს საქმე ბოლომდე ვერ მივა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, ბურჯანაძის დაკითხვამდე მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოგზავნილი დოკუმენტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი 8 აგვისტოდან ბათუმში იმყოფება. უტიაშვილის დაკითხვა წინა სასამართლო სხდომაზე იგეგმებოდა. მას უწყებაც ჰქონდა სასამართლოდან გაგზავნილი, თუმცა არ გამოცხადდა.
საქინფორმი