პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ნებისმიერი დონის პოლიტიკოსი ევროპიდან თუ ამერიკიდან ამბობს, რომ არ დაუშვებენ ნატო-ს ჩართვას რუსეთთან კონფლიქტში

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. 2008 წლის ნატო-ს სამიტზე უკრაინა და საქართველო არ მიიღეს ნატო-ში და ეს დააბრალეს სხვადასხვა ქვეყანას, მაგრამ რეალობა სულ სხვაა, არ მიიღეს იმიტომ კი არა, რომ ერთმა თუ ორმა ქვეყანამ დაბლოკა, არამედ ვინც არიან რეალურად ნატო-ს კოორდინატორები, მათ არ ჰქონდათ სურვილი უკრაინისა და საქართველოს მიღების, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კონტექსტში საყურადღებოა ის განცხადებები, რაც დასავლელი პოლიტიკოსების მიერ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით კეთდება – „ცოცხალი ძალა უნდა იყოს მხოლოდ უკრაინელებისგან შემდგარი“.

სწორედ ამისთვის ინახავდნენ ორივე ქვეყანას, საქართველოსა და უკრაინას. ეს იყო ნატო-ში მიღებაზე უარის მიზეზიც. ჩვენთან, სამეზობლოში ძალიან მძიმე ომია, იცით; მძიმე დღეშია უკრაინა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რუსეთთან ომია. უფრო ადრე, ჩვენ გვქონდა 2008-ში, ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ. ძალიან ბევრი განცხადება კეთდება დღეს დასავლელი პოლიტიკოსებისგან, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა ნატო არ ჩაერთოს რუსეთთან ომში, ჩვენ მივცემთ უკრაინას იარაღს, მივცემთ ფულს, მივცემთ ყველა საშუალებას, მაგრამ ცოცხალი ძალა უნდა იყოს მხოლოდ უკრაინა. ძალიან ბევრი განცხადებაა, ნებისმიერი დონის პოლიტიკოსი ევროპიდან თუ ამერიკიდან ამბობს, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ნატო ჩაერთოს რუსეთთან კონფლიქტში. აი, ეს იყო 2008-შიც დაგეგმილი. საქართველოსაც და უკრაინასაც სწორედ ამისთვის ინახავდნენ, სწორედ ამიტომაც არ მიიღეს ნატო-ში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.